LIVE

გაძვირებული ნავთობი, აღურიცხავი საწვავი - ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევები

28 დეკ 202114:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1260
გაძვირებული ნავთობი, აღურიცხავი საწვავი - ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევები

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი 2021 წლის მთავარ გამოწვევად კოვიდ პანდემიას, გაუფასურებულ ლარს და საქართველოში აღურიცხავი საწვავის (დიზელი) შემოდინებას ასახელებს.

როგორც ორგანიზაციის წლის მიმოხილვაშია აღნიშნული, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით აზერბაიჯანიდან საქართველოში აღურიცხავი დიზელი შემოდის, რაც ლეგალურ ბიზნესს პრობლემას უქმნის.  გამოწვევად რჩება ასევე საწვავის ხარისხი.

„შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

წლის უმთავრეს გამოწვევად ნავთობიმპორტიორთა კავშირი ნავთობის მზარდ ფასს ასახელებს.

„წლის დასაწყისიდან დღემდე (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8%-ით და შეადგენს 78.60 დოლარს/ბარელზე. ყოველივე ამის ფონზე ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ზრდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასი არათუ დასტაბილურდა, შემცირებისკენაც (5-10 თეთრით/ლიტრზე) კი წავიდა“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

აღნიშნულ გამოწვევებთან ერთად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში დადებით ტენდენციებზეც მიუთითებენ. კერძოდ, საუბარია დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმების მიღების ერთი წლით გადავადებაზე. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის საწვავი, რაც მომხმარებელს მაღალი ინფლაციის პირობებში საშუალებას მისცემს არჩევანი შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე გააკეთოს.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით.

17.4%-იანი (41.9 ათასიდან  34.6 ათას ტონამდე) კლებაა გასულ წელთან შედარებით გათხევადებული აირების იმპორტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად 1300 ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგური ფუნქციონირებს.