LIVE

რუსეთი-ნატოს მოლაპარაკების პარალელურად უკრაინის საზღვარზე ჯარის მობილიზება გრძელდება

23 დეკ 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
რუსეთი-ნატოს მოლაპარაკების პარალელურად უკრაინის საზღვარზე ჯარის მობილიზება გრძელდება
Russian Foreign Ministry Press Service via AP, File

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინფორმაციით, რუსი და ამერიკელი დიპლომატები მომავალი წლის დასაწყისში მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, რათა განიხილონ მოსკოვის მოთხოვნა უკრაინაში ნატოს გაფართოების გამორიცხვის შესახებ.

გასულ კვირას მოსკოვმა ვაშინგტონს წარუდგინა უსაფრთხოების დოკუმენტების პროექტები, რომლებიც ნატოს ავალდებულებდა უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების წევრობაზე უარის თქმასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო განლაგების შემცირებას. ვაშინგტონმა და მოკავშირეებმა უარი თქვეს ასეთ დაპირებებზე, მაგრამ განაცხადეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.

“არ გვინდა ომი, მაგრამ მტკიცედ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც საჭიროდ მივიჩნევთ”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვი მზად იქნება განიხილოს ვაშინგტონის მოთხოვნები, მაგრამ მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით არ უნდა გაჭიანურდეს.

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ასევე მიესალმა მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს მიმართული “კონკრეტული შედეგების მიღწევაზე და არა გაჭიანურებაზე”. მოსკოვი ელის, რომ ვაშინგტონი დეტალურ პლატფორმას უზრუნველყოფს მოლაპარაკებებისთვის და მზად იქნება კონსტრუქციული დისკუსიისთვის.

მოლაპარაკებისთვის მზადების პარალელურად, დასავლეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად რუსეთი უკრაინის საზღვარზე ძალების მობილიზებას აგრძელებს. 

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მონაცემებით, რუსეთს ამჟამად 122 000 ჯარისკაცი საზღვრიდან 200 კილომეტრში ჰყავს განლაგებული.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ტანკები, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემები ნოემბრიდან უკრაინის მახლობლად სასაზღვრო რაიონებში გადაიტანეს, იტყობინება თავდაცვის სადაზვერვო კომპანია Janes. 

ჯარის კონცენტრაცია “ძალის კლასიკური დემონსტრირებაა, რომელიც მოწინააღმდეგის მაქსიმალურად გაღიზიანებისთვისაა საჭირო. ეს არ მიუთითებს მისი გამოყენების მტკიცე განზრახვაზე”,- ამბობს ნატალია ხარიტონოვა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრაციის აკადემიის ექსპერტი.

კრემლმა უკვე მიიღო ის, რაც სურდა, როდესაც აშშ დათანხმდა მოლაპარაკებას რუსეთის თხოვნით უსაფრთხოების “ლეგალურად სავალდებულო” გარანტიების შესახებ, რაც ხელს შეუშლის ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით, ეს უკრაინას წევრობის მიზანს ართმევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი