LIVE

სტუდენტებმა აქცენტის პრობლემის გადასაჭრელად აპლიკაცია შექმნეს

21 დეკ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
სტუდენტებმა აქცენტის პრობლემის გადასაჭრელად აპლიკაცია შექმნეს
CNN

სტენფორდის უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა აპლიკაციაზე მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი ერთ-ერთი მეგობარი უმუშევარი დარჩა და ახალი სამსახურის მოძიებაში მისი მთავარი გამოწვევა აქცენტი აღმოჩნდა. მათ გაანალიზეს, რომ ეს მხოლოდ მათი მეგობრის პრობლემა იყო და მის გადასაჭრელად სტარტაპი დააფუძნეს. 

ახლა მათი კომპანია, Sanas-ი, იყენებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფას და მიზნად ისახავს აღმოფხვრას აქცენტით გამოწვეული არასწორი კომუნიკაცია მისი რეალურ დროში შეცვლით. მაგალითად, ფილიპინებში ქოლ-ცენტრის თანამშრომელს შეუძლია ჩვეულებრივად ისაუბროს მიკროფონში და მისი საუბარი ისმოდეს ისე, თითქოს ოპერატორი კანზასიდან იყოს. 

სტარტაპის დამფუძნებლების თქმით, ქოლ-ცენტრები მხოლოდ დასაწყისია. საბოლოოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ აპლიკაცია, რომელსაც ავითარებენ, დაეხმარება სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებულ ინდივიდებს. მაგალითად, ის შეიძლება გამოიყენონ ექიმებმა, რათა უკეთ გაიგონ პაციენტების საუბარი ან თუნდაც დაეხმაროს შვილიშვილებს, რომ უკეთ გაუგონ ბებია-ბაბუას.

ამჟამად Sanas-ის ალგორითმს ამერიკული, ავსტრალიური, ბრიტანული, ფილიპინური, ინდური და ესპანური აქცენტის ცვლილება შეუძლია. გუნდი მუშაობს, რომ ეს სია კვლავ გაფართოვდეს და ალგორითმში სხვა ენები დაემატოს. 

სტარტაპის დამფუძნებელი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: რუსეთიდან, ვენესუელიდან და ჩინეთიდან არიან. ისინი იხსენებენ, რომ აქცენტის გამო, ცხოვრებაში პრობლემა არაერთხელ შეჰქმნიათ. მათ სტარტაპი გასულ წელს დააფუძნეს. მისი სახელი ადვილად წარმოითქმის განსხვავებულ ენებზე. 

"ჩვენ ვნახეთ, როგორ განსხვავებულად გექცევიან ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულად საუბრობ. ხანდახან გული მწყდება",- ამბობს რუსი დამფუძნებელი. 

მისივე თქმით, ენა და საუბრის მანერა ადამიანებს უნიკალურს ხდის და არ უნდა ეცადონ, რომ მათ ეს ინდივიდუალიზმი დაკარგონ. 

"ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს უფლებას არ შეცვალონ საუბრის მანერა, იმისათვის, რომ მიაღწიონ წარმატებას. იდენტობა და აქცენტი გადამწყვეტია. ისინი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია",- ამბობს სერებრიაკოვი. 

ინგლისური ენა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებულია. მასზე საუბრობს დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი და მათგან უმეტესობისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არის. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანისთვის ინგლისური მეორე ენაა. ეს მონაცემები აპლიკაციის გამოყენების მზარდ ბაზარს ჰქმნის.