LIVE

Starbucks-მა ვადაგასული პროდუქტების გამო 5400 ჩინური ფილიალის შემოწმება დაიწყო

19 დეკ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
Starbucks-მა ვადაგასული პროდუქტების გამო 5400 ჩინური ფილიალის შემოწმება დაიწყო
Kevin Frayer/Getty Images

Starbucks-მა ჩინეთში ყველა ფილიალის სრული შემოწმება დაიწყო. რეპორტიორებმა აღმოაჩინეს, რომ თანამშრომლები ვადაგასულ ინგრედიენტებს იყენებდნენ.

ქსელმა პირობა დადო, რომ გაატარებდა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სურსათის უვნებლობაზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო Beijing News-მა Starbucks-ის ორ ფილიალში სტანდარტების დარღვევის შემთხვევები გამოავლინა. ორშაბათს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თანამშრომლებმა შოკოლადის სოუსის ბოთლიდან ამოიღეს სტიკერი ვადის გასვლის თარიღის შესახებ და შეცვალეს იგი ახლით, რომელიც მოგვიანებით იყო დაბეჭდილი. სხვა ფილიალში ვადაგასული ტკბილეული აღმოაჩინეს.

“ბოდიშს ვიხდით და აქტიურად გავაუმჯობესებთ პრაქტიკას. მჭიდროდ ვიმუშავებთ გამოძიებასთან და მოვითხოვთ მუდმივ მონიტორინგს საზოგადოებისა და მედიის მხრიდან”,- ნათქვამია Starbucks China-ს განცხადებაში.

კომპანიამ აღიარა, რომ თანამშრომლებმა დაარღვიეს მუშაობის წესები და პირობა დადო, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ჩინეთის ყველა, 5400 ფილიალში შეამოწმებენ.

უცხოურ ბრენდებს ხშირად აკრიტიკებენ და ბოიკოტს უცხადებენ ჩინეთში, სადაც მზარდი სამომხმარებლო ნაციონალიზმია, რასაც ბიძგს პრეზიდენტ სი ძინპინის მთავრობა აძლევს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, Canada Goose-ის შემოსავლები სამ დღეში 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მედიამ უკმაყოფილო მყიდველისთვის თანხის დაბრუნების გამო გააკრიტიკა.

H&M-ის შემოსავალი შემცირდა მას შემდეგ, რაც ის დაბლოკეს ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე იმის გამო, რომ უარი თქვა ბამბის გამოყენებაზე სინჯიანგიდან, დასავლეთის პროვინციიდან, სადაც ჩინეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ჩინეთი Starbucks-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მზარდი ბაზარია შეერთებულ შტატებთან ერთად. ჩინურ ქსელებში პანდემიის დროს გაყიდვები არასტაბილური იყო, თუმცა აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ ჯონსონმა განაცხადა, რომ კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულება და ნდობა ჩინეთში ზრდის მიმართ, ურყევია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია