LIVE

კოტე გაბრიჩიძე: ვითხოვთ „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას

13 დეკ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 5274
კოტე გაბრიჩიძე: ვითხოვთ „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას

„რესტორატორთა ასოციაცია“ „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით ხვალ მთავრობას მიმართავს.

ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, „მწვანე პასპორტების“ კონცეფციამ არ გაამართლა და იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია, სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მომხმარებლების შემცირების გამო. 

„მე-13 დღეა, რაც საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედაა, ვითარება კი არ გაუმჯობესებულა. ყველა მიმართულებით ციფრები უცვლელია - სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, აცრის ტემპი დაბალი. რესტორნებს თუ დავკეტავთ ეპიდემიას დავამარცხებთო, ამბობდნენ, ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შედეგი არ აქვს. რესტორნები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, უამრავი დაიკეტა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა რესტორანი ანახევრებს პერსონალს. რეგიონებში არსებულ რესტორნებს რაც შეეხება, იქ უარესი სიტუაციაა. საქართველოს მოსახლეობის 64%-მდე აუცრელია. სარესტორნო ბიზნესმა ეს ადამიანები დაკარგა. შესაბამისად, ვითხოვთ, „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას" კოტე გაბრიჩიძემ.

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნას, რომლითაც ხვალ „რესტორატორთა ასოციაცია“ მთავრობას მიმართავს, ხელს უკვე 100-მდე რესტორნის წარმომადგენელი აწერს. 

შეგახსენებთ, პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება.

„მწვანე პასპორტები“ საჭიროა კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.