LIVE

რუსეთი ღია ცის შეთანხმებას ტოვებს

15 იან 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
რუსეთი ღია ცის შეთანხმებას ტოვებს
2020 Host Photo Agency

რუსეთმა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი დაიწყო. ეს არის პასუხი ამერიკის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც რუსეთის მხრიდან ვალდებულებების დარღვევისა და თვითნებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ნოემბერში დატოვა შეთანხმება. თუმცა ამერიკა აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეთანხმებას სრულად შეასრულებდა, ამერიკა შეთანხმების მხარედ დარჩებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლამ „ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინსტრუმენტს“ ძალა დაუკარგა და ევროპის ქვეყნები საჭირო ზომების მიუღებლობაში დაადანაშაულა.  

აშშ-ს მიერ შეთანხმების დატოვების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ მათთვის სადამკვირვებლო ფრენების დაბლოკვა იყო, მათ შორის საქართველოში.

”რუსეთმა უარი თქვა სადამკვირვებლო ფრენებზე 10 კილომეტრიან დერეფანში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რათა გაევრცელებინა ყალბი განცხადებები, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“ - ამბობდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 2020 წლის მაისში.

„ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრებს შორის გაფორმდა, ძალაში კი 2002 წელს შევიდა. ის ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე არასამხედრო სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. შეთანხმების შექმნის მიზანი ომის რისკის შემცირება იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი