LIVE

პარადოქსული და აბსურდული - ბიზნესი „მწვანე პასპორტის" არსებული კონცეფციით უკმაყოფილოა

01 დეკ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 748
პარადოქსული და აბსურდული - ბიზნესი „მწვანე პასპორტის" არსებული კონცეფციით უკმაყოფილოა

ე.წ. "მწვანე პასპორტის" არსებული კონცეფცია სარესტორნო ბიზნესის ნაწილისათვის მიუღებელია.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მწვანე პასპორტი არ პასუხობს გამოწვევებს, რომლის წინაშეც ბიზნესი პანდემიის პირობებში აღმოჩნდა.

„ახალი რეგულაციებით, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, ფაქტობრივად სატესტო რეჟიმში ვართ. ხომ შეიძლებოდა, რომ პირდაპირ ევროპული გამოცდილებით გვეხელმძღვანელა და რეგულაციებიც შესაბამისი მოგვეღო?! პარადოქსია, როცა სავაჭრო ცენტრებს, რომლებსაც ყოველდღიურად 20 ათასამდე ადამიანი სტუმრობს, რესტორნებზე ნაკლები შეზღუდვები აქვთ",- აცხადებს ბურჯანაძე.

აბსურდს უწოდებს „შავი ლომის“ მეპატრონე მერიკო გუბელაძე იმ ფაქტს, რომ "მწვანე პასპორტი" მხოლოდ მომხმარებლებს მოეთხოვება და თანამშრომლებზე არ ვრცელდება. მისივე თქმით, რესტორანში, კინოში ან თეატრში წასვლის სურვილი ვერ გაზრდის ვაქცინაციის მოტივაციას.

„მწვანე პასპორტით" განსაზღვრული რეგულაციები, პირველ რიგში უნდა ვრცელდებოდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სავაჭრო მოლებზე, მაღაზიებზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი შედის. რესტორნებით, თეატრებით და კინოთეატრებით ბევრი ადამიანი არ სარგებლობს. იმედია, მოვლენ გონს და შეცვლიან ამ აბსურდულ მოთხოვნებს“,- აცხადებს გუბელაძე.

ცნობისთვის, საქართველოში "მწვანე პასპორტი" დღეიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.