ბრაზილიური რეალი ბოლო თვეებში რეკორდულად გაუფასურდა. ეს, ძირითადად პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც 2022 წლის არჩევნების წინ, ქვეყანაში სიღარიბის საწინააღმდეგო პროგრამების დანერგვას ცდილობს.
თუმცა, ამას უფრო ფართო გავლენა აქვს გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე. ამერიკის მიწოდების ჯაჭვის კრიზისის შემსუბუქების ნიშნებთან და ჩინეთის ენერგეტიკული ფასების ნორმალურ დონემდე დაბრუნებასთან ერთად, რეალის სისუსტე შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის მიმდინარე ინფლაციური ზეწოლის შემსუბუქებას დაეხმაროს.
ბრაზილიას მსოფლიოსთვის აუცილებელი საკვები პროდუქტებისა და მინერალების მიწოდებაში დიდი როლი აქვს. როდესაც ქვეყნის ვალუტა უფასურდება, ბრაზილიელი მწარმოებლებისთვის წარმოების ხარჯებიც მცირდება, რაც მათ საქონელს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის და მიწოდებას ზრდის.
ავიღოთ სოიო, ქვეყნის ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტი. მიწა, როგორც წესი, ბრაზილიური სოიოს წარმოების დანახარჯების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, მაგრამ გლობალური საქონლისგან განსხვავებით, რომლის ფასებიც დოლართან ერთად მოძრაობს, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების დროს ის მწარმოებლებისთვის ხარჯებს არ ზრდის. იგივე ეხება შრომის, გადასახადების და სხვა საშინაო ხარჯებსაც.
შედეგად, მიმდინარე სეზონში წარმოება სავარაუდოდ 5 მილიარდ ბუშელზე მეტი იქნება. ასევე, რეკორდული მოცულობის წარმოება ექნება სიმინდსაც.
ანალოგიური სიტუაციაა ხორცთან დაკავშირებითაც. ბრაზილია არის ქათმისა და საქონლის ხორცის ყველაზე დიდი და ღორის ხორცის სიდიდით მესამე ექსპორტიორი. პროგნოზების მიხედვით, მომავალი წლის განმავლობაში სამივეს წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება. USDA-ს მიხედვით, 2022 სავაჭრო წელს ქვეყნის ხორცის ექსპორტი 2.66 მილიონი ტონას შეადგენს, რაც გლობალურ ვაჭრობაში ბრაზილიის წილს 22%-მდე გაზრდის. ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს: პირუტყვს რამდენიმე წელი სჭირდება სიმწიფის მისაღწევად. ბრაზილიის ნახირის ზრდის ტემპი კი უფრო სწრაფია, ვიდრე მისი ექსპორტის. 2017 წლიდან გლობალურ ნახირში დამატებული ხუთი ძროხიდან ოთხი ბრაზილიაშია. ეს მომდევნო წლებში ექსპორტის შემდგომ გაფართოებაზე მიუთითებს.
თუმცა, ყველაზე დიდი სასაქონლო ფსონი რეალზე, სავარაუდოდ, ყავასთან კავშირში იქნება. ტრადიციულად, ბრაზილია არაბიკის მარცვლების იმდენად დომინანტი მწარმოებელია, რომ სპეკულანტები გამოიყენებდნენ მას, როგორც ფსონის საშუალებას რეალზე ან პირიქით. როდესაც ვალუტა სუსტდება, გამოშვება იზრდება და არაბიკის ფასები ეცემა.
მიუხედავად ამისა, იმ დროს, როდესაც რეალი რეკორდულად დაბალ დონეზე ვაჭრობს, ყავა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძვირია. ინვესტორები არ ელოდებიან, რომ ეს ანომალიური პერიოდია. ყავის ცუდი მოსავლის შესახებ ცნობების პარალელურად, არაბიკის ფიუჩერსებში ტრეიდერების წმინდა გრძელვადიანი პოზიციები თითქმის რეკორდულ დონეზეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ფასების შემდგომ ზრდას ელიან.
ეს გაბედული ფსონია. ბრაზილიის ფისკალური არეულობა და ვალუტის გაუფასურება უკვე თავდაყირა აყენებს სოიოს, საქონლის ხორცისა და ქათმის ბაზრებს. არ გაგიკვირდეთ, თუ ის ყავაში ტრიუკს გაიმეორებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ფიკლინგი