გასული წლის დასაწყისში, პანდემიის დაწყებისას, პატარა გენეტიკურმა სტარტაპმა, სახელწოდებით Color Genomics-ი, Covid-19-ის ტესტირების ლაბორატორია შექმნა. პატარა ბიზნესის სრული ტრანსფორმაციისთვის ეს პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა.
კომპანია, რომელიც ახლა ცნობილი როგორც Health, სამშაბათს განაცხადებს ახალი ინვესტიციის შესახებ. ის სტარტაპის ღირებულებას $4,6 მილიარდამდე გაზრდის. ეს თანხა სამჯერ აღემატება სულ რაღაც 11 თვის წინანდელ ღირებულებას.
ახლა Color-მა უნდა დაამტკიცოს, რომ პანდემიის გარშემო აგებული ბიზნესი მისი დასრულების შემდეგაც აქტუალური იქნება.
Color-ის პოსტ-პანდემიური გეგმა დაფუძნებულია კიდევ ერთი ძირეული გარდაქმნის მოლოდინზე. სტარტაპს ამჟამად 500 ვაქცინაციის პუნქტი აქვს აშშ-ის მასშტაბით და ასევე 6500-ზე მეტი Covid ტესტირების პუნქტი ოფისებში, სკოლებსა და სხვა ადგილებში. კომპანია აპირებს, ამ პუნქტების დანიშნულების შეცვლას და სხვა ფუნქციების, მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგო აცრების ან არტერიული წნევის მონიტორინგის დამატებას.
მთავარი იდეა ისაა, რომ შეიქმნას მოსახერხებლად განლაგებული პუნქტები ჯანდაცვის ძირითადი სერვისებისთვის, რაც საშუალებას მისცემს მუშაკებსა და მშობლებს შეამცირონ ვიზიტების რაოდენობა კლინიკებში.
”ჯანდაცვის ყველაზე დიდი გამოწვევა მეცნიერება კი არაა, არამედ ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. ჩვენ ახლა ვხედავთ ტექნოლოგიებს, როგორც ხელმისაწვდომობის გასაფართოებელ საშუალებას”,- თქვა Color-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთმან ლარაკიმ.
ლარაკიმ და ელად გილმა, სერიული ტექნოლოგიების მეწარმეებმა, Color-ი 2015 წელს დააარსეს. თავდაპირველად მათი გენეტიკური ტესტირების სტარტაპს ძირითადად სხვა, უფრო ადრე შექმნილი სილიკონის ველის კომპანია 23andMe Holding Co ჩრდილავდა. თუმცა მეწარმეებმა ადრევე გააანალიზეს Covid-19-ის საფრთხე და ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, რომელიც პანდემიის დროს მიეცათ.
მიუხედავად იმისა, რომ Color-ი ჯერ კიდევ ატარებს გენეტიკურ ტესტირებას, Covid-თან დაკავშირებულ პროექტებს უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს. გასულ წელს კომპანიამ დიდი მოგება მიიღო და წელსაც მსგავს შედეგს უწინასწარმეტყველებენ.
ინვესტორებმა იანვარში Color's Covid pivot $1,5 მილიარდად შეაფასეს. ანალიტიკოსები ახალ გარიგებაზე კიდევ უფრო მეტ იმედს ამყარებენ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ჯანდაცვის ბიზნესსა და ზოგადად, სტარტაპებს აყვავების პერიოდი აქვთ.
PitchBook-ის მონაცემებით, ჯანდაცვის ამერიკულ ციფრულ სტარტაპებს შემოსავალი $12,58 მილიარდამდე გაეზარდათ, მაშინ, როცა გასულ წელს ეს თანხა $6,52 მილიარდი, ხოლო 2019 წელს - $4,04 მილიარდი იყო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა მაკბრაიდი