LIVE

შინაარსისგან დაცლილი და მიუღებელი - რესტორატორთა ასოციაცია "მწვანე პასპორტზე"

09 ნოე 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1487
შინაარსისგან დაცლილი და მიუღებელი - რესტორატორთა ასოციაცია "მწვანე პასპორტზე"

რესტორატორთა ასოციაციისთვის „მწვანე პასპორტების" დაანონსებული ფორმით ამოქმედება გაუგებარი და მიუღებელია.

„ჩვენ დაახლოებით სამი თვის წინ გვქონდა კარგი კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვამუშავებდით მწვანე ზონების პროექტს და არა მწვანე პასპორტების. პროექტიდან, რომელზეც ვმუშაობდით დარჩა მხოლოდ ერთი სიტყვა. ის რაც მივიღეთ შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია. როგორც ჩანს მთავრობის რეაქციულ ნაწილს შეზღუდვების გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს მაშინ, როცა არსებული შეზღუდვების პირობებში, ისედაც რთულ  მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი. რეგულაციები გადმოიღეს ზოგიერთი ქვეყნიდან და დაამახინჯეს. მწვანე ზონების პროექტი უნდა მიღებულიყო სამი თვის წინ“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კოტე გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება კომუნიკაცია მთავრობასთან და სასურველი შედეგის მიღწევამდე გაჩერებას არ აპირებენ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებას იწონებენ და იმედოვნებენ, რომ „მწვანე პასპორტები“ ვაქცინაციის პროცესს დააჩქარებს.

გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება.

მიგვაჩნია, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, ვინაიდან სტატუსის მოპოვება შესაძლებელია როგორც ვაქცინაციის, ასევე შესაბამისი ტესტირების ჩატარებისა და კოვიდ ვირუსის გადატანის შემთხვევაში. ასევე მიგვაჩნია, რომ ობიექტების ჩამონათვალიც საკმაოდ სამართლიანად არის წარმოდგენილი და არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები“,- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან ე.წ "მწვანე პასპორტების" გარეშე შესვლა იკრძალება კაფეებში, რესტორნებში, ღია და დახურულ სივრცეებში, ასევე კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

მწვანე სტატუსის პირად კი ჩაითვლება პირი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი. ან გადატანილი აქვს კორონა ვირუსი.