ჩინელი მკვლევრები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც სამრეწველო ემისიებს ცხოველთა საკვებად გადააქცევენ. შედეგად, ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ ნედლეულზე, როგორიცაა სოიო, შესაძლოა, შემცირდეს.
ტექნოლოგია სამრეწველო გამონაბოლქვის ცილებად გარდაქმნას გულისხმობს კლოსტრიდიუმის გამოყენებით, ბაქტერიის, რომელიც ეთანოლის დასამზადებლად გამოიყენება. ინფორმაცია მიმდინარე კვირაში სახელმწიფო გამოცემა Science and Technology Daily-ში გამოქვეყნდა.
ჩინეთი სოიოს მთავარი იმპორტიორია. ნედლეულს ღორების გამოსაკვებად იყენებენ. ქვეყანა სოიოს უზარმაზარ მოცულობებს, სხვა ქვეყნებთან ერთად, ბრაზილიისგან, არგენტინისგან და აშშ-სგან ყიდულობს. ის ასევე დაძაბულობის მთავარი წყარო იყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში.
ჩინეთს სასოფლო-სამეურნეო საქონლის დეფიციტი პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაკლებობისა და მოსახლეობისგან მზარდი მოთხოვნის გამო ემუქრება. ქვეყანა ცდილობს გაზარდოს მოსავლიანობა და შეამციროს ნარჩენები. Science and Technology Daily-ში ნათქვამია, რომ ჩინეთის ნედლეულის საჭიროებების 80% იმპორტირებულია.
თუ ჩინეთი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით 10 მილიონი ტონა სინთეზური ცილის წარმოებას შეძლებს, ეს დაახლოებით 28 მილიონი ტონა სოიოს იმპორტს გაუტოლდება. მკვლევრების თქმით, ცხოველთა საკვებისთვის სინთეზური ცილების ფართომასშტაბიანი წარმოება ასევე დაეხმარება ჩინეთს დეკარბონიზაციის პროგრამაში, რაც კომუნისტური პარტიის მთავარი პოლიტიკური მიზანია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელა სტეგერი