LIVE

რა მოუვა თქვენს კრიპტოვალუტას თუ მოკვდებით?

04 ნოე 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1580
რა მოუვა თქვენს კრიპტოვალუტას თუ მოკვდებით?
Angel Garcia/Bloomberg Wealth

თუ თქვენ კრიპტოვალუტის სამყაროში ახლახან შეაბიჯეთ, იმედია, არ გგონიათ, რომ თქვენს ვირტუალურ ფულზე იურისტთან გასაუბრება ღირს. გასართობად დახარჯული 100$ შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ თქვენი მთლიანი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილად იქცეს, ზოგჯერ ეს ერთ ღამეშიც ხდება. ბოდიში ცუდი ინფორმაციისათვის, მაგრამ YOLO (თქვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ) - ასე რომ, წინასწარ შეადგინეთ გეგმა თქვენი კრიპტოვალუტის განსაკარგად.

კრიპტოანგარიშები არ ჰგავს საინვესტიციო ანგარიშებს. უსაფრთხოების საკითხების მხრივ, ისინი უფრო დაუცველნი არიან და ვერ დაასახელებთ ძირითად ბენეფიციარს. მაგალითად, თუ თქვენ ინახავთ თქვენს კრიპტოვალუტას სახლში, რომელიმე ფიზიკურ მოწყობილობაზე და რამდენიმე მეგობარმა იცის თქვენი პაროლი, რომელიც იძლევა წვდომას თქვენს კრიპტო საფულეზე, ე.წ. მეგობარი შეიძლება შემოიჭრას თქვენს „სახლში" და მოიპაროს თქვენი ფული. ეს ისევე მარტივი იქნება, როგორც თქვენი დიდი ბებიის ბრილიანტის საყურეების მოპარვა. მეორე მხრივ, თუ პაროლს არავის გაუზიარებთ, თქვენი კრიპტოვალუტა სამუდამოდ დაიკარგება. 

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტა უსაფრთხოდ და ამავდროულად, გავუზიაროთ ჩვენი სურვილები საყვარელ ადამიანებს, ისევე, როგორც მოვიქცეოდით ნებისმიერი სხვა ღირებული აქტივის შემთხვევაში.

კრიპტოს შესანახი საფულეები, რომლებსაც სავაჭროდ და კრიპტოს შესაძენად იყენებთ, ტყავის ნამდვილად არაა. კრიპტო საფულეები შეიძლება იყოს ციფრული და იმართებოდეს აპით ან ვებსაიტით, ანდაც ფიზიკური სახით, როგორც მეხსიერების ბარათები. თქვენ მიერ არჩეული ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას უპირებთ თქვენს კრიპტოვალუტას. 

  • ცხელი საფულეები: ისინი გამოიყენება კრიპტოვალუტის შესაძენად და ვაჭრობისათვის. მათი დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი, როგორც წესი, უფასო და მოსახერხებელია, თუმცა უარყოფითი მხარე ნაკლები უსაფრთხოებაა, რადგან ისინი ყოველთვის დაკავშირებულნი არიან ინტერნეტთან. 
  • ცივი საფულეები: ისინი გამოიყენება კრიპტოვალუტის უფრო ხანგრძლივი დროით შესანახად. წარმოიდგინეთ, რომ კრიპტოვალუტას საყინულეში ინახავთ. 

ცხელი საფულე წააგავს საგადასახადო ანგარიშს - თანხა შედის და გადის, ხოლო ცივი საფულე უფრო ანაბარს ჰგავს, სადაც ფულს დიდხანს აჩერებთ. შეგიძლიათ, ორივე მათგანი ერთდროულად გქონდეთ. 

მას, ვისაც პაროლი აქვს, ანუ ვინც აკონტროლებს შემთხვევით გენერირებულ რიცხვებსა და ასოებს, აქვს წვდომა თქვენს კრიპტოვალუტაზე. ეს შეიძლება იყოთ თქვენ, მესამე მხარის კრიპტობირჟა ან ორივე ერთად. 

„გრძელვადიან პერსპექტივაში მესამე მხარის ბირჟაზე არ შეინახოთ იმდენი კრიპტოვალუტა, რამდენის დასაკარგადაც მზად არ ხართ. თქვენ არ აკონტროლებთ პაროლებს. მათ შეიძლება გაყინონ თქვენი აქტივები ან დაესხნენ თავს“,- ამბობს ალექს მეხიასი, საადვოკატო ფირმა James River Law-ის დამფუძნებელი და მმართველი ადვოკატი. 

მეხიასი რეკომენდაციას უწევს თვითმომსახურებას ან ჰიბრიდულ ვარიანტს, რადგან კრიპტოვალუტის ღირებულება იზრდება.

ცივი საფულე შეიძლება იყოს პატარა ფიზიკური შემნახველი მოწყობილობა, რომლის არასწორად განთავსებაც ადვილად შესაძლებელია. თქვენი ცივი საფულე საჭიროებს PIN კოდს წვდომისთვის, გარდა ამისა, თქვენ ირჩევთ აღდგენის ფრაზას პაროლის დაკარგვის შემთხვევაში. მეხიასის თქმით, სახლში, ან ბანკში ცეცხლგამძლე სეიფი აუცილებელია, მაგრამ არ შეინახოთ თქვენი ცივი საფულე იმავე ადგილას, სადაც შეინახავთ პაროლს, PIN კოდსა და აღდგენის ფრაზას. თუ ვინმე იპოვის ყველა ამ ნივთს ერთად, თქვენს ბიტკოინებს უნდა დაემშვიდობოთ. 

უპირველეს ყოვლისა, შეიმუშავეთ გონივრული შენახვის მეთოდი. ”ნუ ჩაიდენთ სისულელეს, ნუ შექმნით რაიმე რთულ სისტემას, რომელსაც ვერ დაიმახსოვრებთ”,- ამბობს მეხიასი. ის ამბობს, რომ ზოგი პაროლს იწერს ფურცელზე, შემდეგ მას სამ ნაწილად ჭრიან და თითოეულ ნაწილს სხვადასხვა ადგილას მალავენ. „კარგ იდეად ჟღერს, მაგრამ საშინელი მეთოდია. თუ ამ სამი ფურცლიდან ერთს მაინც დაკარგავთ, თქვენი კრიპტოვალუტა სამუდამოდ გაქრება. თქვენ გაასამმაგებთ რისკებს.” 

ანდერძში დაასახელეთ მემკვიდრე და თქვენი ქონების გეგმას დაამატეთ დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება თქვენი კრიპტოაქტივები, პაროლები, PIN-ები, გასაღებები და ინსტრუქციები თქვენი ცივი საფულის საპოვნელად. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში კრიპტოვალუტის ბირჟაზე, თქვენს მემკვიდრეს შეუძლია დაუკავშირდეს მომხმარებელთა უზრუნველყოფის სამსახურს და აცნობოს მათ თქვენი გარდაცვალების შესახებ. 

Coinbase-ის წარმომადგენლის თქმით, არსებობს ახლო ნათესავების დახმარების სპეციალური პროგრამა, რომელიც რამდენიმე სერვისს, მათ შორის Coinbase-ის ფინანსური ანალიტიკოსის დახმარებას მოიცავს. კომპანია Gemini მოითხოვს გარდაცვალების მოწმობასა და მინდობილობას გარდაცვლილის ანგარიშიდან გადარიცხვის დაწყებისთვის. 

”ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გავამარტივებთ ამ პროცესს, ვმუშაობთ, რომ დავამატოთ ანგარიშის მემკვიდრეების ფუნქცია ჩვენს პლატფორმაზე",- განაცხადა Gemini-ის წარმომადგენელმა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია