LIVE

აშშ-მა 5-11 წლის ბავშვებში PFizer-ის გამოყენება დაამტკიცა

03 ნოე 202110:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
აშშ-მა 5-11 წლის ბავშვებში PFizer-ის გამოყენება დაამტკიცა

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) დირექტორმა როშელ ვალენსკიმ 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მილიონმა ამერიკელმა ბავშვმა ვაქცინაციის უფლება მიიღო.  

CDC-ის მრჩეველთა კომიტეტმა ვაქცინაციას მხარი 14-0 ხმით დაუჭირა. გასულ კვირას აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ" (FDA) ბავშვებში გამოყენებისთვის გადაუდებელ რეჟიმში დაამტკიცა

მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებით, 5-11 წლის ბავშვებში ვაქცინა სამი კვირის ინტერვალით გაკეთდება და 12+ ადამიანებისთვის განკუთვნილი დოზის მესამედი გამოიყენება. 

"დღეს არის მონუმენტური დღე პანდემიაში, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ელოდა. თითქმის ორი სრული წელია სკოლები ძირეულად შეიცვალა; გვყავს მეორე კლასელი ბავშვები, რომლებსაც ნორმალური სასწავლო წელი არ უნახავთ",- თქვა ვალენსკიმ პანელის გახსნაზე. 

Pfizer აშშ-ის მარეგულირებლებთან ვაქცინის დისტრიბუციის საკითხზე მუშაობს. პედიატრიული ვაქცინის ფლაკონი 10 დოზა ვაქცინას შეიცავს, განსხვავებით უფროსებისთვის განკუთვნილი ვაქცინისგან, რომელიც 6 დოზას იტევს. დიფერენციაციისთვის თუ სტანდარტულ ვაქცინას იასამნისფერი თავსახურავი აქვს, ბავშვების ვაქცინის თავსახურავი იქნება ნარინჯისფერი. ის უფრო დიდხანს ინახება მაცივარში, რაც ადმინისტრაციის პროცესს აადვილებს. 

ბავშვებისთვის შექმნილი 15 მილიონი დოზა ვაქცინის დისტრიბუცია აშშ-ში უკვე დაიწყო. პროგრამა სრულად მომავალ კვირას ამოქმედდება. 

ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე  ბავშვებისთვის.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რეზერფორდი