LIVE

კრემლის პოლიტიკა რუსეთის ჯანდაცვის სისტემისთვის საზიანოა - მოსაზრება

05 ნოე 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
კრემლის პოლიტიკა რუსეთის ჯანდაცვის სისტემისთვის საზიანოა - მოსაზრება
Yuri Kadobnov/AFP via Getty Images

“არც კი ვიცი, რა ხდება. რატომ უნდა ველოდოთ დაავადებას და მის მძიმე შედეგებს?”,- განრისხებული ჩიოდა ვლადიმერ პუტინი გასულ თვეში მინისტრებთან, რადგან “განათლებული ადამიანებიც კი, უმაღლესი ხარისხით” უარს ამბობენ ვაქცინაციაზე. 

დემოგრაფიით, სამეცნიერო რეპუტაციითა და გლობალური სტატუსით შეპყრობილი ადმინისტრაციისთვის დარტყმა დამღუპველი იყო. ძალიან ცოტა მოქალაქის ვაქცინაციის გამო, რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელი სექტემბერი გაიარა და ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ იზრდება. კრემლი იძულებული გახდა 7 ნოემბრამდე არასამუშაო კვირა შემოეღო, მოსკოვმა კი ნაწილობრივი იზოლაცია შემოიღო. ეს პირველი არ არის მას შემდეგ, რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა 20 წელზე მეტი ხნის წინ. დემოგრაფიული ვარდნის შებრუნების დაპირებით, პოლიტიკურმა იმპერატივებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

2020 წელს რუსეთმა პირველმა დაამტკიცა Covid-19-ის ვაქცინა და მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კამპანიას ატარებდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ეფექტურია. თუმცა, მოქალაქეების მხოლოდ მესამედია სრულად აცრილი, რაც გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ევროპისა და შეერთებული შტატების. შემცირდა იმ მოქალაქეების რიცხვიც, რომლებიც მზად არ არიან ვაქცინაციისთვის. ბოლო თვეების ვარდნის შემდეგ, ვაქცინაციის მაჩვენებლებმა მხოლოდ ოქტომბრიდან დაიწყო მატება. მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ხდება შემთხვევების ზრდა ზამთრის დადგომასთან ერთად, მაგრამ იქ ვაქცინაციამ შეამცირა ზიანი. იმავდროულად, რუსეთში დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი უმაღლეს დონეზეა.

რა დგას კრიზისის უკან?

კრემლის პრიორიტეტების გამო, ქვეყანა განწირულია ვირუსის წინააღმდეგ უფრო ხანგრძლივი ბრძოლისთვის, ვიდრე მისი ბევრი კონკურენტი. წიაღისეული საწვავის მაღალი ფასები შეარბილებს გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას რუსეთზე, მაგრამ გავლენა საზოგადოებაზე განგრძობადი იქნება. დემოგრაფ ალექსეი რაკშას თქმით, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე, მიგრაციის შედეგების გამოკლებით, მოსახლეობა თითქმის მილიონი ადამიანით შემცირდა.

ყველა ხელისუფლებისთვის რთულია კურსის შეცვლა, მაგრამ ავტორიტარული სახელმწიფოები მეტად შებოჭილები აღმოჩნდნენ. ჩინეთი კარანტინის დრაკონული წესებით და მძიმე სოციალური და ეკონომიკური ხარჯებით ახერხებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას, თუმცა მისი შენარჩუნება რთული იქნება. კვირას 30,000-ზე მეტი ადამიანი ჩაკეტეს და გატესტეს შანხაის დისნეილენდში მას შემდეგ, რაც ერთ ვიზიტორს Covid-19 დაუდასტურდა. ყოველ შემთხვევაში, ამ მკაცრმა მიდგომამ სიცოცხლე გადაარჩინა. იმავეს ვერ ვიტყვით რუსეთზე.

პუტინის პირობებში, ვისთვისაც მოსახლეობა ძალაუფლების საზომია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა გაუმჯობესდა იმის მიუხედავად, რომ ხარჯები აბსოლუტური მაჩვენებლებით მოკრძალებულია. საბჭოთა პერიოდის რესურსების არათანაბარი განაწილების დასაბალანსებლად ჰოსპიტლების რაოდენობის რაციონალიზაცია მოხდა. კლინიკების წილი, რომელიც საჭიროებს ძირეულ რემონტს, 27%-დან 17%-მდე შემცირდა. ალკოჰოლისა და თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიებმა ხელი შეუწყო მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. მიუხედავად ამისა, კრემლის წინააღმდეგობრივი პოლიტიკა ხელს უშლის დემოგრაფიულ პროგრესს.

განვიხილოთ მცდელობები შობადობის წახალისებისთვის. ქალების გაუმჯობესებულმა პირობებმა სახლსა და სამსახურში, ისევე როგორც ბავშვზე ზრუნვის ხარისხმა, გავლენა მოახდინა სხვა სფეროებზეც. თუმცა, რუსეთში, სადაც პუტინი თავს კონსერვატიული და ოჯახური ღირებულებების დამცველად ასაღებს, ოჯახში ძალადობა ნაწილობრივ დეკრიმინალიზებულია და აბორტი შეზღუდულია. პუტინმა ძალისხმევა სოციალურ შეღავათებზე მიმართა. შედეგად, შობადობა იკლებს.

შიდსთან ბრძოლას აფერხებს სოციალური კონსერვატიზმი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებული გავლენა, LGBTQ თემის მარგინალიზაციის მცდელობები და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები. სავარაუდოა, რომ ინფექციის მაჩვენებლები ათჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირში. შემთხვევების უმეტესობა ჰეტეროსექსუალურ კავშირს უკავშირდება.

ტოქსიკური პოლიტიკური კომბინაცია გათამაშდა Covid-19-თან დაკავშირებითაც.

ერთი მხრივ, სისტემა ახდენს ძალაუფლებისა და რესურსების ცენტრალიზებას, მეორე მხრივ კი, პუტინმა პანდემიაზე პასუხისმგებლობა რეგიონებზე გადაიტანა. შედეგი უკიდურესად არათანაბარი იყო. ჯუდი ტვიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი რუსეთის პოლიტიკისა და ჯანდაცვის საკითხებში, აღნიშნავს, რომ უფრო ძლიერი რეგიონების ლიდერების უკეთესად გაუმკლავდნენ გამოწვევას, რადგან სურდათ და შეეძლოთ გამოეცადათ საკუთარი იდეები Covid-19-ის პრევენციისა და ვაქცინაციისთვის. ბელგოროდში, მოსკოვის სამხრეთით, ჯანდაცვის მუშაკების ანაზღაურების სტრატეგიამ შედეგად ვაქცინაციის მაღალი და ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი გამოიღო. 

მოსკოვი თავდაპირველად ცდილობდა ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირებას, შემდეგ კი ნაადრევად მოხსნა ადრეული იზოლაციის წესები და ტრაბახობდა წარმატებით. პუტინი თითქმის არასოდეს ატარებდა ნიღაბს. ოფიციალური რიტორიკა იცვლება გარემოებების სიმძიმის მიხედვით, მაგრამ არსებულმა ნარატივმა გაცილებით გაართულა გადასვლა მკაცრ შეზღუდვებსა და ვაქცინის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნაზე. 

თუმცა, პანდემიაზე რუსეთის რეაგირებისთვის ყველაზე საშიში კრემლის ტოქსიკური ნაციონალისტური პროპაგანდაა. ოფიციალური პირების მიერ დასავლური ვაქცინების შეურაცხყოფამ მხოლოდ გაამძაფრა არსებული ეჭვები და კრემლმა ცოტა რამ გააკეთა მათ გასაქარწყლებლად. პუტინს აცრა დახურულ კარს მიღმა გაუკეთეს. რუსეთის ლიდერმა გასულ თვეში აბსურდული განცხადება გააკეთა, თითქოს უცხოელები ევროპიდან ჩადიან Sputnik-ის ვაქცინის მისაღებად, “რადგან ის უფრო საიმედოა” და შემდეგ ვაქცინის ყალბ სერთიფიკატებს ყიდულობენ. იმავდროულად, დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებელი საოცრად უცვლელი დარჩა - მაგალითად, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ეს ყველაფერი რუსეთს თავისსავე შექმნილ ხაფანგში აქცევს: ვერ ახერხებს დასავლური ვაქცინების იმპორტს, არ შეუძლია სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვა, ვერ უზრუნველყოფს რუსული ვაქცინის ევროკავშირში დამტკიცებისთვის საჭირო მონაცემების მიწოდებას, ვერ იპოვებს საზოგადოების ნდობას.

ჩინეთის მსგავსად, რუსეთს მხოლოდ იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ პანდემია იქამდე დასრულდება, ვიდრე უფრო რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება გახდება საჭირო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი