LIVE

ბოლო 10 დღეში საწვავი 10 თეთრით გაძვირდა

01 ნოე 202113:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 805
ბოლო 10 დღეში საწვავი 10 თეთრით გაძვირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტად გაძვირდა საწვავი არაბრენდირებულ სადგურებზე.

მისი განმარტებით, მიზეზი ნავთობის ფასის ზრდაა.

„საწვავის ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა. ნავთობის ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამის პარალელურად გაიზარდა საერთაშორისო ფასები Plats-ზე, როგორც  ბენზინის ისე დიზელის შემთხვევაში. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთან რამდენჯერმე მოხდა ფასების კორექტირება მატების მიმართულებით. ბრენდირებულ სადგურებზე ფასი ბოლო ათი დღის განმავლობაში 10 თეთრით გაიზარდა. არაბრენდულებზე კი ფასი კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი“,- განუცხადა "ბიზნეს ფორმულას" მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ფასებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვთ.

ცნობისთვის, 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 84.38 (+ 0.06) დოლარი შეადგინა.