შანხაის Disneyland-ში გუშინ ათასობით სტუმარი მოულოდნელად ჩაკეტეს, მაშინ, როცა ისინი პარკის ატრაქციონებით ერთობოდნენ. ეკიპირებული ადამიანები პარკის გასასვლელთან განთავსდნენ და ვიზიტორებს ტერიტორიის დატოვების საშუალებას კოვიდ-ტესტის ჩატარების შემდეგ აძლევდნენ.
ტესტირება სულ 34 000-მა ადამიანმა გაიარა. პროცესი შუაღამისას დასრულდა. ისინი სახლებში 220 ავტობუსით გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 არავის დაუდგინდა, სტუმრებს ორდღიანი იზოლაცია და ორ კვირაში ხელახალი ტესტირება მოეთხოვებათ.
Walt Disney-ის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პარკის დახურვის მიზეზი გახდა შანხაიში ჩასული ინფიცირებული ქალი. ის შანხაიში ახლომდებარე ჰანჯოუდან შაბათ-კვირას გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, ეწვია თუ არა ის დისნეილენდს, ჩინეთმა ინფექციის ძიების აგრესიულ გზას მიმართა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას პატარა ბავშვის შესახებ, რომელსაც გასული წლის სექტემბრიდან 74-ჯერ ჩაუტარდა ტესტირება Covid-19-ზე.
გასული წლის აპრილში უჰანში ინფექციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთი ცდილობდა არა მხოლოდ ვირუსის ჩახშობას, არამედ აღმოფხვრას. ამისათვის მან მიმართა მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს შემთხვევების გამოვლენას იქამდე, სანამ გავრცელდება. ეს სტრატეგია წარმატებით გამოიყენებოდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ნაწილებშიც, იქამდე, სანამ დელტა ვარიანტის გამოჩენამ მათი შესრულება თითქმის შეუძლებელი გახადა.
Covid Zero მიდგომის მომხრე ამ დრომდე რჩება ჩინეთი. სხვა ქვეყნებმა ეტაპობრივად გახსნეს საზღვრები და ვირუსთან ერთად ცხოვრებას ცდილობენ. რამდენადაც საფრთხე უფრო მდგრადი გახდა, ჩინეთი შეზღუდვების ინტენსივობას აძლიერებს, რაც ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა ადამიანების ცხოვრებაზე დამღუპველ გავლენას ახდენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია