მსახიობი მეტ დეიმონი Crypto.com-ის სახე იქნება. კრიპტოვალუტის პლატფორმა ამ გზით ახალი მომხმარებლების მოზიდვას და ინდუსტრიის "მეინსტრიმში" შეტანას ცდილობს.
ეს არის პირველი გლობალური მარკეტინგული ბიძგი პლატფორმისთვის, რომელმაც კრიპტოვალუტაზე გაზრდილი ინტერესის წყალობით, გასული წლის შემდეგ დაახლოებით ათჯერ გაზარდა მომხმარებელთა ბაზა.
რეკლამა, რომელსაც რეჟისორი უოლი პფისტერი დეიმონის მონაწილეობით გადაიღებს, $100 მილიონზე მეტი ჯდება. ის 20-ზე მეტი ქვეყნისთვისაა განკუთვნილი.
"მსგავსი არასოდეს გამიკეთებია. ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდებული გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება", - თქვა მსახიობმა.
კრიპტოვალუტის პლატფორმები, როგორიცაა Crypto.com, FTX და Coinbase, ამ წელს მარკეტინგს დიდ ყურადღებას დაუთმობენ. ისინი აფორმებენ გარიგებებს სპორტულ ლიგებსა და გუნდებთან. კამპანიებში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვებიან.
Crypto.com ახლა თანამშრომლობს ფორმულა 1-თან, UFC-სა და იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგასთან. მას ასევე აქვს გარიგებები ფრანგულ საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-თან, Philadelphia 76ers-სთან, Montreal Canadiens-თან.
დეიმონთან ერთად, Crypto.com-მა კამპანიაში ჩართო ამერიკელი შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავი რონდა როუზი, ცნობილი კალათბურთელი კარმელო ენტონი, სნოუბორდისტი ლინდსი ჯაკობელისი, რეპერი CL და ასტრონავტი სკოტ კელი.
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი კომპანიისთვის და ინდუსტრიისთვის”, - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა კრის მარსალეკმა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბასინი