Frontera Resources Corporation-ი აცხადებს, რომ ყოფილი დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა "ფრონტერას" საქართველოში და მასთან დაკავშირებული პირები ავრცელებენ ცრუ განცხადებებს კომპანიის სახელით. „ფრონტერა რესურს ჯორჯია კორპორეიშენის“ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ზაზა მამულაიშვილი, 2020 წლის აგვისტოდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია და უფლება არ აქვს, კომპანიის სახელით ისაუბროს.
ზაზა მამულაიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ფრონტერას" დედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო შევიდა. მისი ინფორმაციით, ისინი ცდილობდნენ კერძო საკუთრების წართმევას. „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მათი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმებას ცდილობდა, კანონის გვერდის ავლით.
თავის მხრივ, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი, გიორგი ტატიშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ხელშეკრულებით ნავთობის ფლობის უფლება არ ჰქონდა.
კომპანია "ფრონტერას" იურისტები იმასაც ამბობენ, რომ ზაზა მამულაიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული - საქმე ეხება მის მიერ "ფრონტერას" ინტერესების შესაძლო დაზიანებას და უფლებამოსილების გადაჭარბებას.