LIVE

ერდოღანი თურქეთს უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში მიაქანებს - მოსაზრება

30 ოქტ 202119:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 985
ერდოღანი თურქეთს უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში მიაქანებს - მოსაზრება
Adem Altan/AFP/Getty Images

ვის შეუძლია დაიცვას თურქეთის ეკონომიკა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქმედებებისგან? 

ელჩების გაძევების შესახებ მთელი დიპლომატიური აურზაური შესაძლოა მხოლოდ ვალუტის ინფლაციისგან ყურადღების გადატანისა და საკუთარი პოპულარულობის კლების შეჩერების უკანასკნელი მცდელობა ყოფილიყო. ამ ყველაფერმა ნათლად დაგვანახა, რომ იმ ძალაუფლებას, რომელიც ერდოღანის ხელშია, გარკვეული პლუს-მინუსები აქვს.

ეს ყველაფერი წამგებიანია თურქეთისათვის, რომელსაც მყარი ხელი სჭირდება, რათა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტურბულენტობისას გზა გაიკვლიოს. მისი მოკავშირეები და მეტოქეები, ისევე როგორც ინვესტორები, უნდა მოემზადონ მეტი დაბრკოლებებისათვის. 

ერდოღანის ბოლო ნაბიჯი ტიპურია იმ დამახასიათებელი სტილისათვის, რომლითაც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმ განცხადებამ, რომელიც აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, დანიის, ფინეთის, შვედეთის, კანადის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩებმა გაავრცელეს. განცხადებაში ისინი ითხოვდნენ ფილანთროპი მილიონერის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.

კავალას ბრალად ედებოდა 2016 წელს ერდოღანის წინააღმდეგ წარუმატებელ შეთქმულებაში მონაწილეობის მიღება. იგი ბრალდებას უარყოფს. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ კავალა შეკრული იყო კიდევ ერთ ფილანთროპ მილიონერთან - ჯორჯ სოროსთან და რომ ამ წყვილს თურქეთის დაზიანება სურდა (ერდოღანი დიდი ხანია ჩაციკლულია ბუდაპეშტში დაბადებულ ამერიკელზე, რომელსაც მან "ცნობილი უნგრელი ებრაელი სოროსი" უწოდა).

დასავლეთი, რომელიც შეშფოთებულია ერდოღანის მუდმივი თავდასხმით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, კავალას საქმეს მიიჩნევს თურქეთის სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის გამოცდად. 2019 წელს ანკარამ უგულებელყო კავალას გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ; ევროსაბჭო, რომლის წევრიცაა თურქეთი, სანქციებით იმუქრება.

ელჩების ერთობლივი განცხადება, რომელიც დიპლომატიური იშვიათობაა, ასახავს ამ შეშფოთების სიღრმეს. მათი დამშვიდების მაგივრად, ერდოღანი აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა. იგი აშკარად იმედოვნებდა, რომ თურქი ხალხი გაილაშქრებდა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ელჩები „ამ სოროსის ნარჩენების“ გათავისუფლების მოთხოვნის გამო და ბრძანა, გამოეცხადებინათ ისინი პერსონა ნონ გრატად, რაც მათ ქვეყნიდან გასვლას აიძულებდა.

ეს ბირთვული ვარიანტის დიპლომატიური ეკვივალენტია და „დანაშაული" არაპროპორციულადაა აღქმული, მაგრამ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში პრეზიდენტის შეკავება ვერავინ შეძლო და შედეგიც სრულიად მოსალოდნელი იყო. ლირა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე დაეცა და ინვესტორებს აინტერესებდათ, მიჰყვებოდა თუ არა მას ერდოღანი.

ეს რომ ასე არ მოხდა, მხოლოდ მცირე წყალობაა. ლირა აღდგა, თუმცა მარგინალურად. ინვესტორებს, პოლიტიკური ანალიტიკოსების მსგავსად, შეუძლიათ დაინახონ პრეზიდენტის რეალური და წარმოსახვითი დამოკიდებულება უცხოელი მტრების მიმართ. ის, რომ ბევრი მათგანი დასავლელია, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან თურქული ეკონომიკა ძლიერ დამოკიდებულია ვაჭრობის ამ მიმართულებაზე. 

ამას ემატება მისი ექსცენტრული იდეები საპროცენტო განაკვეთებისა და ცენტრალური ბანკის შიდა პოლიტიკაში ჩარევის შესახებ. ლირას ვარდნა ამ თვის დასაწყისში დაიწყო კიდევ ერთი განაკვეთის შემცირებით, რაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა. მზარდი ინფლაციისას ეს ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა. 

ინვესტორები აგრეთვე შეშფოთებულნი არიან პრეზიდენტის განმეორებითი მოწოდებებით ახალი სამხედრო ბიძგების შესახებ სირიაში, სადაც თურქული ძალები ჩიხში შევიდნენ დიქტატორი ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმის გამო, რომელსაც მხარს რუსეთი და ირანი უჭერს. საომარი მოქმედებების ესკალაციის პერსპექტივა ლირას დაცემას კიდევ უფრო უწყობს ხელს. 

ამ ყველაფრის საფუძველი პრეზიდენტის პოლიტიკური კრიზისია. ცუდი ეკონომიკა აფერხებს მის პოპულარობას: გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი AK პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა მზარდი ტემპით მცირდება. მომდევნო საყოველთაო არჩევნები არ ჩატარდება 2023 წლის ზაფხულამდე, მაგრამ სულ უფრო იზრდება ეჭვი, რომ ერდოღანი მოინდომებს ვადამდელი კენჭისყრის ჩატარებას, რათა შეეცადოს გაახანგრძლივოს თავისი 18-წლიანი ძალაუფლება. 

ამას გარდა, წნეხი იზრდება. ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან კოალიციაში, რომელსაც შეუძლია AKP-ის გამოწვევა. მათ შორის არიან AKP-ის ყოფილი წევრები, ისეთები, როგორიცაა აჰმედ დავითოღლუ, რომელიც ერდოღანის დროს პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა. 

პრეზიდენტის სავალალო მდგომარეობით გათამამებულმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ ბანკს მოუწოდა, უგულებელეყო ერდოღანის ბრძანებები. პრეზიდენტმა ამას დანაშაული უწოდა. 

რადგან ამ დაძაბულობას განეიტრალების ნიშნები არ იგრძნობა, აშკარაა, რომ ინვესტორებს წინ რთული გზა ელით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბობი გოში