LIVE

Pfizer-ი ვაქცინაციის სიკვდილიანობასთნ შესაძლო კავშირს იკვლევს

13 იან 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
Pfizer-ი ვაქცინაციის სიკვდილიანობასთნ შესაძლო კავშირს იკვლევს
Bloomberg L.P.

კომპანია Pfizer-ი  და ჯანდაცვის მაღალჩინოსნები იმ ექიმის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 16 დღეში გარდაიცვალა. 

როგორც Pfizer-მა  სამშაბათს განაცხადა, აქამდე არსებული მტკიცებულებები ამ შესაძლო კავშირს არ ადასტურებს. ფლორიდაში მცხოვრებ ექიმს იშვიათი აშლილობა განუვითარდა - მწვავე თრომბოციტოპენია, რომელიც ამცირებს სხეულის მიერ სისხლის შედედებისა და შინაგანი სისხლდენის შეჩერების უნარს. 

Pfizer-მა მაგალითად მოიყვანა აშშ-ში ვაქცინის ავტორიზაციის მინიჭების შემდგომ კომპანიის მიერ ჩატარებული კლინიკური ცდები და შეგროვებული მონაცემები იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს მიზეზობრივ კავშირს იმ ვაქცინასთან, რომელიც მან გერმანულ BioNTech-თან ერთად განავითარა. 

ამასობაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც აღნიშნა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ექიმის გარდაცვალების შესახებ. ცენტრის პრესსპიკერის ტომ სკინერის განცხადებით, “სიტუაციას მას შემდეგ შეაფასებენ, რაც მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი”.

“დღეისათვის უკვე მილიონობით ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აცრილ პირებს შორის მოვლენათა ყველა არასასურველ განვითარებას”, განაცხადა Pfizer-მა. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, შესაძლოა განვითარდეს, რაც ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული”. 

ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე Pfizer-ის აქციები  2%-ით 37.03 დოლარამდე დაეცა იმ დღეს, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ მისი მოგება 2021 წელს თითო აქციაზე 3-დან 3.10 დოლარამდე იმერყევებდა, რაც იმაზე ნაკლებია, რასაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.

The New York Times-მა პირველმა გაავრცელა ცნობები მაიამი ბიჩში 56 წლის მეან-გინეკოლოგის გრეგორი მიჩელის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის ცოლის ჰეიდი ნეკელმანის მიერ Facebook-ზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ტაიმსმა აღნიშნა, რომ მიჩელი ტვინში, სისხლდენის გამო, დაიღუპა. 

Pfizer-BioNTech ვაქცინას აშშ-ში გამოყენების ავტორიზაცია 14 დეკემბერს მიენიჭა და პირველად ვაქცინაცია სწორედ ჯანდაცვის მუშაკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირებს ჩაუტარდათ. ამ დროისთვის ფაიზერისა და მეორე ავტორიზებული კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინები, Bloomberg-სა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელთ არსებული მონაცემებით, 9.27 მილიონ ადამიანს გაუკეთდა.  

პრესსპიკერი სკინერის თქმით, დაავადებათა კონროლის ცენტრი, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმნისტრაციასა და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან ერთად, რეგულარულად აწარმოებს კოვიდ-19-ის ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგსა და არსებულ მიგნებებს უზიარებს უსაფრთხოების დარგში ექსპერტებს, რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთ დამოუკიდებელ ხედვას უზიარებენ ჯანდაცვის სპეციალისტებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი