LIVE

კაპიტოლიუმის შტურმის დროს Facebook საკუთარი აჯანყების წინაშე აღმოჩნდა

23 ოქტ 202112:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 941
კაპიტოლიუმის შტურმის დროს Facebook საკუთარი აჯანყების წინაშე აღმოჩნდა
Roberto Schmidt/AFP/Getty Images

როდესაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, დაუპირისპირდნენ პოლიციას და დეპუტატებს შენობის დატოვება აიძულეს, მსოფლიოს უდიდეს სოციალურ ქსელში სხვა სახის აჯანყება მიმდინარეობდა.

კალიფორნიაში, Facebook-ის ინჟინრები ჩქარობდნენ შიდა კონტროლის მექანიზმის გამოყენებას დეზინფორმაციისა და ძალადობის მაპროვოცირებელი შინაარსის გავრცელების შესაჩერებლად.

გადაუდებელი ზომები მოიცავდა ტრამპის ანგარიშის გაუქმებას, კომენტარების გათიშვას სიძულვილის ენის ჯგუფებშუ, ხმების მოპარვის შესახებ მოწოდებების ფილტრაციასა და კონტენტის მოდერატორების უფლებას, ემოქმედათ უფრო გადამწყვეტად კონტენტის ეტიკეტირების გზით.

“ვიბრძვი, რომ ჩემი ღირებულებები შეესაბამებოდეს ჩემს სამუშაოს. აქ მოვედი იმ იმედით, რომ გავლენას მოვახდენდი ცვლილებებზე და გავაუმჯობესებდი საზოგადოებას, მაგრამ ყველაფერი, რაც დავინახე, იყო ატროფია და პასუხისმგებლობის უარყოფა”, - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა 6 იანვარს, როდესაც ძალადობა გრძელდებოდა.

“არ გვქონდა საკმარისი დრო, რომ გაგვერკვია, როგორ გვემართა დისკურსი ძალადობის შემწყნარებლობის გარეშე? დიდი ხანია ვანთებდით ამ ცეცხლს და არ გაგიკვირდეთ, ყველაფერი კონტროლიდან რომ გამოვიდა”,  - დაწერა კიდევ ერთმა თანამშრომელმა შიდა შეტყობინებებში 6 იანვრის არეულობის დროს.

Facebook-ის პასუხისმგებლობის შესახებ კითხვა დღესაც აქტუალურია, რადგან კონგრესი და მარეგულირებლები იძიებენ კომპანიის როლს 6 იანვრის არეულობებში.

ახალი შიდა დოკუმენტები, რომლებიც Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა გამოაქვეყნა, იშვიათ ხედვას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა კომპანია 6 იანვრის არეულობის წინაშე. გაირკვა, რომ სოციალურმა ქსელმა დაკარგა კონტროლი და ხედვა იმისა, თუ როგორ იფიცებდნენ ამბოხებულები კვირების განმავლობაში მისსავე პლატფორმაზე, რომ კონგრესს არ მისცემდნენ არჩევნების შედეგების დადასტურების უფლებას. 

დოკუმენტების თანახმად, Facebook-ის კრიზისული მენეჯერები ელოდნენ, რომ მოვლენები ძალადობის გავრცელებას გამოიწვევდა, მაგრამ დაუშვა მრავალი შეცდომა პოლიტიკასა და ტექნოლოგიაში. გარდა ამისა, Stop the Steal-ის ორგანიზატორებმა თავი აარიდეს აღსრულების მექანიზმებს.

ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილო იყო Facebook-ის პრობლემური კონტენტის მენეჯმენტით 6 იანვრის აჯანყებამდეც კი. ერთმა თანამშრომელმა, რომელიც კომპანიიდან 2020 წელს წავიდა, დატოვა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ პერსპექტიული ახალი ინსტრუმენტები, ძლიერი კვლევებით მხარდაჭერილი, Facebook-ის მიერ იყო შეზღუდული “საზოგადოებრივი და პოლიტიკის დაინტერესებული მხარეების რეაგირების შიშით”.

როგორც ჩანს, დოკუმენტები ადასტურებენ ჰაუგენის მტკიცებას, რომ Facebook-მა ზრდა და მოგება საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაუპირისპირდა ერთმანეთს კომპანიის ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსები - ბიზნესის დაცვა vs დემოკრატია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რეიჩელ რილი