შვეიცარიულმა მარეგულირებელმა Finma-მ Credit Suisse-ს დროებითი შეზღუდვები დაუწესა, რომელიც ფინანსურად სუსტი და კორუფციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების დაკრედიტებას ზღუდავს.
შვეიცარიული ბანკი ასეთი სესხების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ბანკი ან მსესხებელი საზოგადოებას გამჭვირვალედ აცნობებს სესხის მიზანს, ოდენობას, პირობებს და კრედიტის ნებისმიერ გარანტიას.
"კორუფციისკენ მიდრეკილი" სახელმწიფოებისთვის ახალი სესხების შეზღუდვა მოზამბიკის სკანდალში Credit Suisse-ის დამნაშავედ ცნობას მოჰყვა. ბანკის როლმა სახსრების შეგროვების სკანდალში აფრიკული ერის ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნას შეუწყო ხელი.
შეთანხმების ფარგლებში, Finma დანიშნავს დამოუკიდებელ მესამე მხარეს, რომელიც განიხილავს ბანკის არსებულ საკრედიტო ტრანზაქციებს ფინანსურად სუსტ და კორუფციისკენ მიდრეკილ სახელმწიფოებთან. შეზღუდვა ასევე ეხება კომპანიებს, რომლებსაც ასეთი სახელმწიფოებისგან აქვთ გარანტიები. მარეგულირებელი ასევე თვალყურს მიადევნებს ახორციელებს თუ არა ბანკი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანგარიშგების ვალდებულებებს.
ახალი სესხების შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ბანკი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებულ ყველა გამოსასწორებელ ზომას არ განახორციელებს.
ცნობისთვის, შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავაშია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. Credit Suisse-ი ივანიშვილს შვეიცარიის საბანკო რეგულატორის ანგარიშის ასლის გამოქვეყნებისთვის უჩივის, რომელიც ბანკის მტკიცებით, ფინანსურ საიდუმლოებას შეიცავდა. ანგარიში ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმამ, Metigen-მა გამოაქვეყნა
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარიონ ჰალფტერმეიერი