ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მატების ფონზე, "ლოკდაუნი" ცხადდება.
ოთხშაბათს ლატვია გახდა ბლოკის პირველი ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკის ნაწილი კიდევ ერთხელ დახურა. გასულ კვირას ლატვიაში ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხე შექმნა.
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში დახურული იქნება ბარები, მაღაზიები, დაწესდება კომენდანტის საათი და სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
ლატვიას შესაძლოა, არც სხვა ქვეყნები ჩამორჩნენ. მისი მეზობელ ესტონეთში ეპიდვითარების, გაუარესების შემთხვევაში, მკაცრ "ლოკდაუნს" არ გამორიცხავენ.
ამავდროულად, რუმინეთმა, სადაც 19-მილიონიანი მოსახლეობის მესამედზე ნაკლებია აცრილი, ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, დახმარებისთვის "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას" მიმართა. მძიმე ეპიდვითარების პარალელურად, ქვეყანა იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში, რაც გადაწყვეტილებების პოვნასა და განხორციელებას კიდევ უფრო ართულებს.
პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანაში მომავალი კვირიდან სკოლები ორი კვირით დაიხურება და აუცრელი ადამიანებისთვის ღამის საათებში დაწესდება კომენდანტის საათი. პირბადეების ტარება ყველგან სავალდებულო იქნება.
უკეთესი მდგომარეობა არც ბულგარეთშია. ის ევროკავშირის ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებული სახელმწიფოა. ბულგარეთში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედია აცრილი, შეზღუდვები მოქმედებს რესტორნებში, მაღაზიებსა და გალერეებში. დახურულია სკოლების ნაწილი.
პოლონეთში ხელისუფლება შემთხვევების დინამიკას აკვირდება და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა კვირის ბოლოს "მკვეთრ" ზომებს მიმართოს.
რეგულაციები გამკაცრდა რუსეთშიც. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების მატების ფონზე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მაისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეზღუდვები აამოქმედა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები ბლოკის იმუნიზაციის კამპანიას ღიად აქებენ, ეპიდვითარება თვალსაჩინოს ხდის განსხვავებას აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მთავრობებმა მოსახლეობის ვაქცინაციის საჭიროებაში დარწმუნება შეძლეს, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა.
მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი უნდობლობის პირობებში, ევროკავშირის ყოფილი კომუნისტური ფრთის მთავრობები ვერ ახერხებენ მოქალაქეების დარწმუნებას ვაქცინაციის სარგებელში, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის დაწყებამდე სიკვდილიანობის ყოველდღიური შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აარონ ეგლიტი