LIVE

ADB-ის $10 მილიონიანი სესხით თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

19 ოქტ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1103
ADB-ის $10 მილიონიანი სესხით თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს "ოპტიმამ" ხელი მოაწერეს $10 მილიონის სესხს საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით.

ADB-ის ინფორმაციით, სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.

„პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით",- განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ.

„სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს“,- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე წვდომა მოხუცების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის მაღალი სტანდარტით წარმოდგენილი.

ცნობისთვის, "ოპტიმა" m2-ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE), კომპანიების შვილობილია. GRE სს Georgia Capital-ის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილია, ხოლო სს Georgia Capital-ის 100%-იანი წილის მფლობელია Georgia Capital PLC. Georgia Capital PLC ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.