LIVE

ავსტრალია Pfizer-ის ვაქცინით 5+ ასაკის ბავშვების აცრას განიხილავს

14 ოქტ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
ავსტრალია Pfizer-ის ვაქცინით 5+ ასაკის ბავშვების აცრას განიხილავს
Carla Gottgens/Bloomberg

Pfizer-ი ავსტრალიის სამედიცინო მარეგულირებელს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის ნებართვის მისაღებად დაჩქარებული განაცხადით მიმართავს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, გრეგ ჰანტმა განაცხადა. 

მინისტრის თქმით, კომპანია ვაქცინის მონაცემებს ავსტრალიის "თერაპიული საქონლის ადმინისტრაციას" (TGA), სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში წარუდგენს. 

TGA-ს მიერ ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, იმისათვის, რომ ბავშვების იმუნიზაცია დაიწყოს, შესაბამისი ნებართვა ავსტრალიის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფმა უნდა გასცეს. 

ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილე, სონია ბენეტი ამბობს, რომ ეს არის მისასალმებელი ნაბიჯი ბავშვებს და მათ ოჯახებს, ასევე, სკოლების გახსნას დაეხმარება.  

გასულ კვირას Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა კომპანია BioNTech-მა 5-11 წლის ბავშვების ასაცრელად Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციისთვის აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს მიმართეს

აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია" (FDA) პედიატრიული ვაქცინის კლინიკურ-კვლევითი მონაცემების განსახილველად  მრჩეველთა კომიტეტის სხდომას, სავარაუდოდ, 26 ოქტომბერს გამართავს. 

ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის გაიცემა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აინსლი ჩენდლერი