LIVE

ფინეთში წავებს Covid-19-ის ვაქცინით აცრიან

12 ოქტ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 969
ფინეთში წავებს Covid-19-ის ვაქცინით აცრიან
Bloomberg

პანდემიის დროს დანიის ფერმებში წავების გაწყვეტის შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ფინეთის ბეწვეულის ინდუსტრია ცხოველების Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას გეგმავს.

ამისთვის ადგილობრივი წარმოების დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას გამოიყენებენ. ვარაუდობენ, რომ ეს საკმარისი იქნება ზამთარში ცხოველების პოპულაციის გადასარჩენად. 

მსგავსი პროგრამა ევროკავშირში პირველად ხორციელდება. 

ფინეთის ბეწვის სელექციონერთა ასოციაციის მმართველი დირექტორის, მარია ტიურას თქმით, ვაქცინაცია ხორციელდება როგორც ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.

მისივე თქმით, წავების ასაცრელად გამოიყენებენ ჰელსინკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებულ ვაქცინას, რომელმაც პირობითი გამოყენების ნებართვა სექტემბრის ბოლოს მიიღო.

ფინეთში მეურნეობები მკაცრი რეგულაციების დაცვით მუშაობენ და წავებში ინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. 

ცნობილია, რომ წავები ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან. შარშან დანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაენადგურებინა 17 მილიონი წავი, რათა მუტაციური ფორმა არ გავრცელებულიყო ფერმებში და შემდეგ, ადამიანებში, როგორც ეს ნიდერლანდებში მოხდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეო ლაიკოლა