LIVE

პუტინი ირწმუნება, რომ Covid-19 არ აქვს

11 ოქტ 202119:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1387
პუტინი ირწმუნება, რომ Covid-19 არ აქვს
Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ Covid-19 არ აქვს და მხოლოდ გაციებულია. პუტინს ამ განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ოფიციალურ პირებთან სატელევიზიო შეხვედრის დროს არაერთხელ დაახველა.  

"არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგადაა. პრაქტიკულად ყოველდღიურად მიტარებენ ტესტებს არა მხოლოდ Covid-19-ზე, არამედ ყველა სხვა ინფექციაზე და ყველაფერი კარგადაა",- თქვა პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოსთან ვიდეოკონფერენციის დროს. 

იქამდე პუტინის ხველამ ყურადღება კიდევ ერთ შეხვედრაზე მიიპყრო. შენიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ პირებთან სოფლის მეურნეობის საკითხების განხილვის დროს ბევრჯერ დაახველა. 

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. ”ყველა შეშფოთებულია”,- უთხრა სპიკერმა.  

"ცივ ჰაერზე ვიყავი და აქტიურად ვმოძრაობდი, მაგრამ საშინელი არაფერი ხდება. ვიცი, რომ ყველანი უკვე აცრილი ხართ და არ დაგავიწყდეთ ხელახალი ვაქცინაცია",- უთხრა პუტინმა უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს. 

რუსეთის 69 წლის პრეზიდენტი, თანამშრომლების ინფიცირების გამო, გასულ თვეს თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას ავადმყოფობის სიმპტომები არ გამოუვლინდა და ორი კვირის შემდეგ, 29 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ის, თურქ კოლეგას ანტისხეულების ოდენობით გაეჯიბრა და გამაძლიერებელ დოზად რუსული Sputnik V-ის მიღება ურჩია. 

თუმცა, ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი საჯარო შეხვედრებს ძირითადად ვიდეოკონფერენციით მართავს. 

რუსეთში Covid-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, ინფექციით ყოველდღიურად რეკორდულად ბევრი იღუპება. ოფიციალური პირები შემთხვევების ზრდის მიზეზად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს მიიჩნევენ. Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ის ვაქცინის ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 30%. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტონი ჰალპინი