LIVE

AstraZeneca-ს ვაქცინამ ანტარქტიდაზე ჩააღწია

07 ოქტ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1144
AstraZeneca-ს ვაქცინამ ანტარქტიდაზე ჩააღწია
BAS/FCDO

Astrazeneca-ს Covid-19-ის ვაქცინამ საბოლოოდ მიაღწია ანტარქტიდამდე.

ვაქცინებმა იქ მოსახვედრად გრძელი გზა და არაერთი გაჩერება გაიარეს. ამ დროის განმავლობაში, დოზები მათთვის საჭირო 2-8C ტემპერატურაზე სპეციალურ სატრანსპორტო კონტეინერში ინახებოდნენ.

ვაქცინები როტერას ბაზაზე საბოლოოდ მცირე ზომის Twin otter-ის თვითმფრინავმა ჩაიტანა. 

Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები ბაზაზე მყოფმა ექიმმა გაუკეთა სადგურის მეცნიერებს, ინჟინრებსა და დამხმარე პერსონალს. მათ განმეორებითი აცრა ოთხ კვირაში ჩაუტარდებათ.

ანტარქტიდაზე კოვიდის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.

სამხედრო და ტექნიკურ პერსონალს აღმოაჩნდა კოვიდის სიმპტომები ჩილეს ბერნარდო ო'ჰიგინსის კვლევით სადგურზე, ასევე ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე. ისინი სწრაფად იქნენ ევაკუირებულნი და მათ მაგივრად ჯანმრთელი პერსონალი გაუშვეს. 

როტერა თითქმის ჩაკეტილი იყო მარტიდან, კონტინენტზე მხოლოდ ძირითადი პერსონალის ჯგუფი იმყოფებოდა და უძლებდა სიბნელესა და საშინელ ამინდს, რაც პოლარული ზამთრის მახასიათებელია.

ვაქცინირებულებს უკვე ექნებათ გარკვეული იმუნიტეტი ზაფხულის კვლევის სეზონზე, როდესაც სტუმრები დაიწყებენ ჩასვლას.

”ხალხი დაიწყებს ფრენას 20 ოქტომბრიდან, ასე რომ,” ზამთრის მოყვარულებს” მინიმუმ ერთი აცრა ექნებათ გაკეთებული",- თქვა ჯონ იეგერმა, როტერას პოლარული ექსპედიციების ხელმძღვანელმა.

"Covid ვაქცინების შემოდინება აქ ყოფნას კიდევ უფრო უნიკალურ გამოცდილებას შესძენს. ადამიანების ვაქცინაციის შესაძლებლობა ხელს შეუწყობს სადგურის მოსახლეობისა და ანტარქტიდის Covid-ისგან დაცვას. ეს ზაფხულის წინ დიდი მიღწევაა სადგურზეც და სამეცნიერო სფეროშიც",- ამბობს როტერას ზამთრის სადგურის ლიდერი მეთიუ ფილიპსი.

ახალი საზაფხულო კვლევითი სეზონის მოახლოებასთან ერთად, ანტარქტიდაზე მკაცრი შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ახალი პოლარული გემის, RRS სერ დევიდ ატენბოროს ეკიპაჟი, იქამდე გადავა კარანტინში, სანამ მომავალ თვეში სამხრეთისკენ მარაგითა და აღჭურვილობით გაემგზავრება. 

ეს არის უკიდურესი სამხრეთი ლოკაცია, რომელსაც ასტრაზენეკას ვაქცინამ მიაღწია და ეს ნიშნავს, რომ ახლა ყველა კონტინენტმა მიიღო დოზების მცირე რაოდენობა მაინც, ისევე როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიამ.

ანტარქტიდაში ვაქცინის გაგზავნა ორგანიზებული იყო არაკომერციული საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციის, Crown Agents–ის მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით.