LIVE

ფქვილი ისევ გაძვირდა - რა ღირს პური საქართველოსა და მსოფლიოში

09 ოქტ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1957
ფქვილი ისევ გაძვირდა - რა ღირს პური საქართველოსა და მსოფლიოში

პირველი ხარისხის, ადგილობრივი წარმოების 1 ტომარა პურის ფქვილის ფასი ბოლო ერთ კვირაში 67 დან 72 ლარამდე გაიზარდა. უმაღლესი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ფასი 80 ლარი გახდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა, იმპორტირებული (რუსული) ფქვილის ფასი 7-8 ლარით ნაკლებია, თუმცა პურის წარმოებაში იმპორტირებული ფქვილის წილი 5%-ს არ აღემატება.

გაძვირდება თუ არა პური, დოლიძე ვერ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში პურის ფასი ერთ-ერთ ყველაზე დაბალია.

numbeo.com-ის მონაცემებით, საქართველოში პური საშუალოდ 1.25 ლარი ($0.40) ღირს. რაც შეეხება პურის ფასს დსთ-ს ქვეყნებში:

  • აზერბაიჯანი - 0.53 მანათი / $0.31
  • სომხეთი - 252.25 დრამი / $0.52
  • რუსეთი - 47.31 რუბლი / $0.65
  • უკრაინა - 18.29 გრივნა / $0.70
  • ბელარუსი - 1.41 რუბლი / $0.57
  • მოლდოვა -  6.46 ლეი / $0.37
  • ყაზახეთი - 157.86 ტენგე / $0.37
  • უზბეკეთი - 3 332 სომი / $0.31
  • თურქმენეთი - 2.38 მანათი / $0.68
  • ყირგიზეთი - 28.57 სომი / $0.34
  • ტაჯიკეთი - 3.83 სომინი / $0.34

თურქეთში 0.5 კგ პური 2.88 ლირა ($0.32) ღირს. რაც შეეხება ევროპას, numbeo.com-ის მონაცემებით, პური ყველაზე ძვირი სკანდინავიის ქვეყნებში და ისლანდიაშია ($2.99-დან $4.13-მდე ღირს). აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებში პურის ფასი $0.56-დან (მაკედონია) იწყება და $0.91-ს (უნგრეთი) აღწევს. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, გერმანიაში საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში პურის მინიმალური ფასი $1 დოლარია, ხოლო მაქსიმალური $2 დოლარს მცირედით აჭარბებს.

თბილისი ყოველდღიურად 400 ტონა პურს მოიხმარს. მთელ საქართველოში კი დაახლოებით 750-900 ტონამდე პური ცხვება. მალხაზ დოლიძის განმარტებით, ფქვილის წილი პურის თვითღირებულებაში 65%-ს შეადგენს, ხოლო საცხობების მოგების მარჟა 5%-ს არ აღემატება.