LIVE

საშობაო საყიდლების სეზონი რისკის წინაშეა

10 ოქტ 202120:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1124
საშობაო საყიდლების სეზონი რისკის წინაშეა
Bloomberg

ოქტომბერი, როგორც წესი, მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც საცალო ვაჭრობის სამყარო "პიკს" უწოდებს. თუმცა, ინდუსტრია უკვე პანიკაშია, რაც ჩვეულებრივ, შობის წინა კვირამდე არ იჩენს ხოლმე თავს.

წლის დასაწყისში არსებობდა მოლოდინი, რომ დაბრკოლებები, რომლებმაც 2020 წელს გლობალური მიწოდების ჯაჭვები შეაფერხეს, უმეტესად მოგვარდებოდა, რეალურად კი მხოლოდ გაუარესდა. იზრდება მოლოდინი, რომ სადღესასწაულო სეზონს საფრთხე ემუქრება.

მთელ ევროპაში საცალო ვაჭრობა, მაგალითად როგორიცაა ტანსაცმლის ქსელი H&M, მიწოდების შეფერხების გამო, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას. შეერთებულ შტატებში Nike-მა შეამცირა გაყიდვების პროგნოზი მას შემდეგ, რაც Covid-19-მა ვიეტნამში ქარხნის დახურვა გამოიწვია.

Covid-ის აფეთქებებმა მოიცვეს პორტის ტერმინალებიც. ამასთან, ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი სატვირთო კონტეინერები, რის გამოც წინა წელთან შედარებით ფასები 10-ჯერ გაიზარდა. მუშახელის დეფიციტმა ასევე შეაფერხა სატვირთო მანქანებით გადაზიდვა.

მსოფლიოში სათამაშოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის MGA Entertainment-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ისააკ ლარიანმა კრიზისს 43 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი უწოდა.  

2020 წლის დასაწყისში პანდემიისგან გამოწვეული გლობალური კრიზისის შემდეგ, ქარხნებმა შეანელეს წარმოება ან საერთოდ შეაჩერეს მუშაობა. ეს მარტივი ნაწილი იყო. ხელახლა დაწყება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. მიწოდების ჯაჭვი შეფერხდა რიგი მიზეზების გამო, როგორიცაა სუეცის არხის ბლოკირება და ბაზრის დინამიკა, სამუშაო ძალის დეფიციტი და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა.

პარალელურად, გადაზიდვის ფასების ზრდა აიძულებს მწარმოებლებს მიიღონ მძიმე გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტების ტრანსპორტირება უღირთ, რაც საბოლოო ჯამში, მყიდველებისთვის ნაკლებ არჩევანს ნიშნავს.

დიდი მოცულობის საქონლის ტრანსპორტირება, რომელსაც დაბალი ღირებულება აქვს, ამჟამად ეკონომიკურად მომგებიანი არ არის. მაგალითად, iPhone-ები არის პატარა და ძვირადღირებული, რაც სატრანსპორტო ხარჯების გაზრდის ფონზე მათ იდეალურ პროდუქტად აქცევს. მაგრამ იგივე არ შეეხება დაბალი ხარისხის ავეჯს ან სხვა მოცულობით, იაფ პროდუქტს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მეთიუ ტაუნსენდი და ჯორდინ ჰოლმანი