LIVE

უნდა მივუთითოთ თუ არა ვაქცინაციის სტატუსი რეზიუმეში ?

03 ოქტ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
უნდა მივუთითოთ თუ არა ვაქცინაციის სტატუსი რეზიუმეში ?

კოვიდპანდემიამ გავლენა რეზიუმეებზეც იქონია. სამუშაოს მაძიებლებმა დოკუმენტში ვაქცინაციის სტატუსის ველი დაამატეს. მაშინ, როდესაც დამსაქმებლები თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წესებს ადგენენ და არავაქცინირებულთა აყვანისგან თავს იკავებენ, ადამიანებმა რეზიუმეში და LinkedIn-ის გვერდებზე შესაბამისი ინფორმაციის დამატება ნებაყოფლობით დაიწყეს. ამ თემაზე სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს

ResumeBuilder.com-ის მიერ დაფინანსებული გამოკითხვის ფარგლებში 1,250 დამსაქმებელი მენეჯერის გამოიკითხა. მათგან თითქმის 70%-მა თქვა, რომ ისინი უფრო მეტად დაასაქმებდნენ აცრილ ადამიანებს. გამოკითხული მენეჯერების მესამედმა თქვა, რომ ისინი ავტომატურად უარყოფენ რეზიუმეს, რომელშიც ვაქცინირების სტატუსი მითითებული არაა. 

მენეჯერების ამგვარი დამოკიდებულება უცნაური არ არის იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყველა დამსაქმებელმა, რომელსაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავს, თანამშრომლებს უნდა მოსთხოვოს აცრა ან ყოველკვირეული Covid-19-ის ტესტირება. 

სამუშაოს საძიებო სისტემის Adzuna–ს ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ იზრდება იმ განცხადებების რიცხვი, რომლითაც სრულად ვაქცინირებულ კანდიდატებს ეძებენ.

აგვისტოში საიტზე გამოქვეყნებული 50,000-ზე მეტი ვაკანსიის მოთხოვნებში ვაქცინაცია იყო მითითებული, მაშინ, როცა ივლისში იმავეს 35,000, ხოლო იანვარში 2300 ითხოვდა. 

ყველაზე ხშირად ვაქცინაციას ითხოვენ ჯანდაცვის, მომსახურებისა და კვების, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ვაკანსიებზე.

ამ ფონზე უფრო მეტი სამუშაოს მაძიებელი ამატებს ვაქცინაციის სტატუსს LinkedIn–ის პროფილების ზედა ნაწილში, ზოგიერთ შემთხვევაში მათი პროფესიის წინ მითითებულია „სრულად ვაქცინირებული“.

დამქირავებლები და ექსპერტები ამბობენ, რომ რეზიუმეების დახარისხების პრაქტიკა ვაქცინირების სტატუსის მიხედვით ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ ინფორმაციის CV-ში დამატება ცუდი იდეა არ არის. ზოგიერთი მენეჯერი ამბობს, რომ ძალიან ცდილობენ, იპოვონ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. 

Digital.com-ის მცირე ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, დამსაქმებლების 60%-მა განაცხადა, რომ ისინი აცრილ თანამშრომლებს ეძებდნენ.

ზოგიერთი ექსპერტი ვაქცინირების სტატუსის ნებაყოფლობით გამჟღავნების მომხრე არ არის. Storeyline Resumes–ის აღმასრულებელი დირექტორი, რობინ სტორი ამბობს სამუშაოს მაძიებლებს ურჩევს, არ აღნიშნონ ვაქცინირების სტატუსი რეზიუმეებში და დასძენს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ უნდა მოითხოვოს.

”ამ ყველაფერს ცუდი სუნი ასდის. აპლიკანტები უნდა შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რეზიუმეში სიმაღლის ან წონის მითითებას ითხოვენ”,- თქვა მან.

ვაქცინირების სტატუსის გამჟღავნება შეიძლება დაეხმაროს მათ, ვინც ეძებს სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაოს.

ResumeBuilder-ის კვლევითი ფონდის მონაცემებით, იმ კომპანიებში, სადაც ახალი თანამშრომლები ჰიბრიდული გრაფიკით იმუშავებენ, მენეჯერების 70%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მათ აცრილი თანამშრომლების დაქირავება სურთ, ხოლო კომპანიებში, სადაც ადამიანები ძირითადად დისტანციურად მუშაობენ, დამსაქმებელთა აცრილი ადამიანების დაქირავებას 61% ამჯობინებს. 

ვაქცინაციის მოთხოვნას უკვე ვხვდებით დასაქმების ქართულ საიტებზე. ასეთი განცხადებები ჯერჯერობით გამონაკლისია. 

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევ პირებს უფლება აქვთ დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა და ეს დისკრიმინაციად არ განიხილება.