LIVE

Wall Street-ის ლიდერები ინვესტორებს მომავალი რისკების შესახებ აფრთხილებენ

04 ოქტ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 855
Wall Street-ის ლიდერები ინვესტორებს მომავალი რისკების შესახებ აფრთხილებენ
Bloomberg

გლობალური ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები იზრდება. Bloomberg-მა ფინანსურ ინდუსტრიის სამ ყველაზე შორსმჭვრეტ წარმომადგენელს ჰკითხა, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგება ინდუსტრია მომავალი 5-10 წლის განმავლობაში. ქეისი ვუდმა, მოჰამედ ელ-ერიანმა და სკოტ მაინერდმა კითხვას ასე უპასუხეს:

ქეისი ვუდი, Ark Investment-ის დირექტორი

ძირითადი აღქმაა, რომ ინფლაციურ პერიოდში ვართ, რაც მიწოდების ჯაჭვის დარღვევითაა გამოწვეული. ეს რწმენა შესაძლოა, შეცდომების წყარო გახდეს, რადგან ჩვენ ვხედავთ სამ ძირითად დეფლაციურ ძალას მომწიფების ფაზაში.

ინოვაციის მხრივ, ჩვენ დღეს ისეთი პერიოდი გვაქვს, როგორც არასდროს გვქონია. სამი ძირითადი ტექნოლოგიური ინოვაცია, რომელიც ბოლოს ერთდროულად განვითარდა იყო ტელეფონი, ელექტროენერგია და ავტომობილი. დღეს ჩვენ გვაქვს ხუთი ასეთი პლატფორმა: დნმ-ის სეკვენირება, რობოტიკა, ენერგიის შენახვა, ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინის ტექნოლოგია. აქედან ყველა დეფლაციურია.

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სწავლის ხარჯები წელიწადში 68%-ით  მცირდება. რას ნიშნავს ეს? ჩვენ დავინახავთ ბუმს ბევრ პროდუქტში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შესაბამისად, უკეთესი, უფრო იაფი და სწრაფია.

მცირდება დნმ-ის სეკვენირების ხარჯებიც. ადამიანის პირველი გენომის სეკვენსი $2.7 მილიარდი დაჯდა და 13 წელი დასჭირდა. 18 წლის შემდეგ, ეს $500-მდე ჯდება და რამდენიმე საათი სჭირდება.

ეს გარდაქმნის ჯანდაცვას და დაგვეხმარება განვსაზღვროთ სად ვკარგავთ ფულს. ვფიქრობთ, დღეს ჯანდაცვაზე დახარჯული ყველა დოლარის ნახევარზე მეტს ფუჭად ვხარჯავთ.

ასევე გვაქვს ელექტრომობილები და ბატარეის სისტემის ტექნოლოგია. ელექტრომობილების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდება ყოველ ჯერზე, როდესაც მისი გაყიდვები გაორმაგდება. რაც შეეხება სამრეწველო რობოტებს, მათი ღირებულება ასევე 20%-ზე მეტით შემცირდება გაყივდებში ყოველი კუმულაციური გაორმაგების შემდეგ.

ეს არის კარგი დეფლაცია, რაც იწვევს ეკონომიკური აქტივობის ბუმს, ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც ინოვაცია ხდება.

მოჰამედ ელ-ერიანი, Allianz-ის ეკონომიკური ხელმძღვანელი

რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის უთანასწორობა. ეს არის ის, რასაც ფინანსური ბაზრები უგულებელყოფს, როგორც სოციალურ პრობლემას და არა ნამდვილად ეკონომიკურ ან ფინანსურ პრობლემას. პანდემია უკვე არის უთანასწორობის გამომწვევი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საწყის წერტილს დავბრუნდეთ, ვქმნით უთანასწორობის გამწვავების დინამიკას.

პანდემიის შედეგები ქმნის სხვადასხვა დინამიკას მთელს მსოფლიოში. პირველ რიგში, მან გააუარესა სიმდიდრის უთანასწორობა, რადგან Covid-ზე რეაგირება მოიცავდა ლიკვიდობის მასობრივ ინექციებს აქტივების ფასების ასამაღლებლად. ვინ ფლობს აქტივებს? მდიდრები. ასე რომ, თუ შეხედავთ რა მოხდა, სიმდიდრის განაწილების ზედა ნაწილი ბევრად უკეთესადაა, ვიდრე პანდემიამდე იყო. ქვედა ნაწილში ეს ასე არ მოხდა.

მკვეთრად უთანასწორო საზოგადოება არ არის ეკონომიკურად ჯანსაღი.

სკოტ მაინერდი, Guggenheim Investments-ის თავმჯდომარე

ნომერ პირველი რისკი არის გლობალური გადახდის სისტემის მდგრადობა და მთავარი არის ამ სისტემის შენარჩუნება. როგორც ბოლოდროინდელი კიბერ შეტევებიდან ჩანს, ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ ფინანსური ბაზრების გადახდის სისტემის წინააღმდეგ თავდასხმისგან.

რაზეც მე ვსაუბრობ არის Fedwire-ის მსგავსი სისტემები, სადაც ბანკების ფული გადის. ასევე, DTCC, SWIFT, Euroclear. თუ მათზე სინქრონიზებული შეტევა მოხდება, გლობალურ ფინანსური ბაზარი განადგურდება. პირველი პასუხი ალბათ იქნება ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა და მეორე მსოფლიოს ყველა ბირჟის დახურვა.

ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა რისკის შესაფასებლად და იმის გასარკვევად, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ სისტემა მოკლევადიან პერსპექტივაში და განვავითაროთ ის გრძელვადიან პერსპექტივაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სონალი ბაშაკი