AstraZeneca-ს COVID-19-ის ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 74%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დაცვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია 65 წელს გადაცილებულ პირებში, სადაც ვაქცინის ეფექტიანობა 83.5%-მდე იზრდება. ამ დასკვნამდე უახლესი კლინიკური კვლევის ავტორები მივიდნენ.
კვლევაში აშშ-ში, ჩილესა და პერუში ერთთვიანი შუალედით ორჯერ ვაქცინირებული 26,000-ზე მეტი მოხალისეს მონაცემები შეისწავლეს. კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
17,600-ზე მეტ მონაწილეს შორის, რომლებიც ვაქცინით აიცრნენ, მძიმე ან კრიტიკული სიმპტომური COVID-19 არ განვითარებულა, განსხვავებულით დანარჩენებისგან, რომლებმაც ვაქცინის ნაცვლად, პლაცებო მიიღეს. ასეთ 8,500 მოხალისეს შორის დაავადების რთულად მიმდინარეობა 8 პირთან აღინიშნა. პლაცებოთი აცრილებს შორის გარდაცვალების ორი შემთხვევაც დაფიქსირდა.
ვაქცინირებულებს შორის არ დაფიქსირებულა სისხლის შედედების იშვიათი, მაგრამ სერიოზული შემთხვევები, რომელთაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ AstraZeneca-ს ვაქცინასთან.
კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიოტმა აღნიშნა, რომ ისინი აშშ-ში FDA-ს მიერ ვაქცინის დამტკიცებას კვლავ ელიან. კომპანია გეგმავს, რომ წლის ბოლოს ამერიკულ მარეგულირებელს სრული ლიცენზიის მოსაპოვებლად მიმართოს. სორიოტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გაიწელა, AstraZeneca-ს ვაქცინა აშშ-ში Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში თავის წვლილს მაინც შეიტანს.
ახალი კვლევის მაჩვენებლები ახლოს არის გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებთან. მარტში ჩატარებული კვლევით, ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებლად 79% დასახელდა, თუმცა მოგვიანებით, კომპანიამ მონაცემები შეასწორა და საბოლოო მაჩვენებლად 76% განისაზღვრა.
ამ დროისთვის AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც Vaxzevria-ს სახელითაა ცნობილი მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორისაა, საქართველო.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც.
სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.