LIVE

ევროპის ენერგოკრიზისი პრობლემებს დანარჩენ მსოფლიოსაც შეუქმნის

27 სექ 202116:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1013
ევროპის ენერგოკრიზისი პრობლემებს დანარჩენ მსოფლიოსაც შეუქმნის
Bloomberg

ზამთარში მსოფლიო სავარაუდოდ გაიგებს, რამდენად არის დამოკიდებული გლობალური ეკონომიკა ბუნებრივ აირზე.

მსოფლიო ცდილობს ქვანახშირზე უარის თქვას და სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადავიდეს. სახლების გასათბობად და ინდუსტრიების სამუშაოდ ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან დამოკიდებული ბუნებრივ აირზე, ვიდრე ოდესმე. თუმცა, პანდემიის შემდგომი აღდგენისა და ამოწურული მარაგების შესავსებად მსოფლიოს საკმარისი ბუნებრივი აირი არ აქვს. ქვეყნები ცდილობენ მარაგების შევსებას, თუმცა ექსპორტიორები, როგორიცაა რუსეთი, ბუნებრივი აირს მარაგის სახით ინარჩუნებს. კრიზისი გაცილებით გაუარესდება, როდესაც ტემპერატურა დაიკლებს.

ამასთან, ევროპის კრიზისი პრობლემებს უქმნის პლანეტის დანარჩენ ნაწილსაც, რადგან კონტინენტზე ენერგიის დეფიციტი ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებისა და ქარხნების იძულებითი დახურვის პირობებს ქმნის.

წლის ამ დროისთვის ევროპული მარაგები ისტორიულად დაბალ დონეზეა. მილსადენების მუშაობა რუსეთიდან და ნორვეგიიდან შეზღუდულია. ვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომ ქარის ტურბინების გამომუშავება შემცირებულია, ხოლო ევროპის მოძველებული ატომური ელექტროსადგურები ეტაპობრივად იშლება. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები გასულ წელს თითქმის 500%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

პარალელურად, ბუნებრივი აირის ფასის ზრდა აიძულებს ევროპის სასუქების მწარმოებლებს შეამცირონ წარმოება, რაც ფერმერებისთვის ხარჯების ზრდის საფრთხეა და პოტენციურად გლობალურ სასურსათო ინფლაციასაც გაამწვავებს. დიდ ბრიტანეთში ენერგიის მაღალმა ფასებმა რამდენიმე მომწოდებელს ბიზნესის დატოვებაც კი აიძულა.

ყველაფერთან ერთად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩვეულებრივი ცივი ზამთარი ბუნებრივი აირის ფასს მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდის. საკვების ფასების მაქსიმალურ მაჩვენებლებთან ერთად ენერგეტიკული ხარჯების ზრდის პერსპექტივა ცენტრალური ბანკებისთვის აჩენს კითხვას, არის თუ არა ინფლაციის ზრდა ისეთი გარდამავალი, როგორიც მათ სურდათ.

ენერგოკრიზისი ემუქრება აზიის უდიდეს ეკონომიკასაც. ჩინეთმა, ბუნებრივი აირის მსოფლიოს უდიდესმა იმპორტიორმა, მარაგები საკმარისად სწრაფად ვერ შეავსო. ჩინეთის რამდენიმე პროვინცია უკვე ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, რათა დააკმაყოფილოს პრეზიდენტ სი ძინპინის ენერგოეფექტურობისა და დაბინძურების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები. 

მსოფლიოში სრულყოფილი პირობებია იმისთვის, რომ აზია, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ ამერიკა ერთმანეთს ექსპორტიორებისგან ზამთრისთვის მარაგის მისაღებად ებრძოლონ.

ამერიკელი ექსპორტიორები გაზრდილი მოთხოვნისთვის მზად არიან. თუმცა, რაც უფრო მეტი ბუნებრივი აირი წავა საზღვარგარეთ, მით ნაკლები იქნება ხელმისაწვდომი სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირის ფასები აშშ-ში შესამჩნევად დაბალია, ვიდრე ევროპასა და აზიაში, მწარმოებლები 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე ვაჭრობენ. ამასთან, ბუნებრივი აირის მარაგები ხუთწლიანი სეზონურ საშუალოზე დაბალია. მიუხედავად ამისა, აშშ-ის მწარმოებლები ერიდებიან წარმოების გაზრდას მომგებიანობის შემცირების შიშის გამო.

პარალელურად, ამერიკის ინდუსტრიული ენერგიის მომხმარებლებმა მოითხოვენ, რომ ენერგეტიკის დეპარტამენტმა შეამციროს აშშ-ს ექსპორტი მანამ, სანამ მარაგის დონე არ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, გაამწვავოს დეფიციტი საზღვარგარეთ.

საშუალო ადამიანი აქამდე მცირე ყურადღებას აქცევდა ბუნებრივი აირის საბაზრო ფასს. ბუნებრივი აირი არ არის ნავთობის მსგავსი, რომლის სამომხმარებლო ფასზეც OPEC-ის გადაწყვეტილება თითქმის დაუყოვნებლივ მოქმედებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფან სტეფზინსკი