LIVE

მოსაზრება: ცარიელი თაროები და პანიკური შესყიდვები ბრუნდება

28 სექ 202121:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 867
მოსაზრება: ცარიელი თაროები და პანიკური შესყიდვები ბრუნდება
Getty Images

ევროპისა და აშშ-ის სუპერმარკეტებში ცარიელი თაროები კიდევ ერთხელ დაბრუნდა. ამჯერად ეს ტუალეტის ქაღალდის პანიკურ შესყიდვებს აღარ უკავშირდება. ცარიელი თაროები მიწოდების ჯაჭვების პრობლემების შედეგია, რომელიც აზიის ქარხნებიდან სასურსათო მაღაზიებამდე, თითქმის ყველა ეტაპზე გადატვირთულია.

თუმცა, ფასების ზრდა და არასტაბილური ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ მყიდველები კვლავ დაიწყებენ საბითუმო შესყიდვებს.

მიწოდების ხაზები რთულ სიტუაციაში არიან, რადგან ისეთი მწარმოებლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყველაფრის დამზადებაზე, სპორტული ფეხსაცმლიდან ყავამდე, Covid-ის შეზღუდვებით დაზარალდნენ. ვირუსის გახშირებული შემთხვევები და მომხმარებელთა მოთხოვნა პორტების გადატვირთვას იწვევს. გადაზიდვის კონტეინერები ხშირად არასწორ ადგილზე ხვდებიან. საზღვაო გადაზიდვის ხარჯები ათჯერ გაიზარდა. თუ საქონელი პორტებამდე ჩადის, სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობა პროდუქტის საცალო ვაჭრობამდე მიტანას კიდევ უფრო ართულებს. 

ზოგიერთი სექტორი სხვებზე უარეს მდგომარეობაშია. მაგალითად, სასმელები შეფუთვის დეფიციტის გამო დაზარალდნენ. ბრიტანეთში, ენერგიის მზარდ ხარჯებთან ერთად C02-ის ნაკლებობამ გაზიანი სასმელების მარაგი ასევე რისკის ქვეშ დააყენა. გამოწვევაა შინაური ცხოველების საკვების არასაკმარისი მარაგებიც.

საცალო ვაჭრობა ცდილობს ხელახლა ააგოს მიწოდების ჯაჭვები, რათა თავიდან აიცილოს პრობლემატური წერტილები. თუმცა, სავარაუდოდ, მეტი კორექტირება იქნება საჭირო. სასურსათო მაღაზიებს შეიძლება მოუწიოთ პროდუქტების სახეობების შემცირება, რაც მომხმარებლებისთვის ნაკლებ არჩევანს ნიშნავს. მათ ასევე უნდა დაგეგმონ ყველაზე უარესი იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდება ამდენად მყიფე სისტემის ფონზე, ფასების, მოთხოვნისა და პანიკური ყიდვის შემდგომ მატებასთან ერთად.

როდესაც ფასები იზრდება, მომხმარებლები, როგორც წესი, იწყებენ აქტიურობას და ცვლიან ჩვევებს. მყიდველები ჯერ გადადიან ძვირადღირებული პროდუქტებიდან უფრო იაფზე. ეს ნიშნავს დიდ ბრენდებზე უარის თქმას და უფრო კონკურენტული კერძო ეტიკეტებით ჩანაცვლებას. ასევე ფულის დაზოგვის გავრცელებული გზაა ხორცის ჩანაცვლება უფრო ხელმისაწვდომი მაკარონით, ბრინჯით ან კარტოფილით. შემდეგ მოდის საბითუმო შესყიდვა. სურსათის ხარჯების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, მომხმარებლები პროდუქტების მომარაგებას ცდილობენ.

მცირე ინფლაცია, როგორც წესი, კარგია სუპერმარკეტებისთვის, რადგან ის გაყიდვების საერთო ღირებულებას ზრდის. თუმცა, საფრთხე მოდის მაშინ, როდესაც ის მართვად დონეს აღემატება, მომხმარებლებს კი იაფ პროდუქტებზე გადასვლა უწევთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეა ფელსტედი