LIVE

ADB-მა საქართველოს ვაქცინების შესაძენად $15 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

24 სექ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 885
ADB-მა საქართველოს ვაქცინების შესაძენად $15 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს კოვიდ-19 ვაქცინაციას $15 მილიონიანი სესხით დაეხმარება.

ADB-ის ინფორმაციით, სესხი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700 ათასი დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. 

"ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის აცრას გახდის შესაძლებელს, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს. მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის ცენტრების ბინადრები და მომსახურე პერსონალი, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და პირველადი სერვისების მომწოდებლები",- აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში. 

მთავრობის მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა (გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 778 აცრა ჩატარდა და სრულად აცრილია მოსახლეობის 26.3%), რაც ამ მიზნის მიღწევას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამასთან, საქართველოში უკვე შემოტანილი "ფაიზერის" ვაქცინების ნაწილს ვარგისიანობის ვადა დეკემბრამდე აქვს. ამ დროისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია "ფაიზერის" 804 633, "სინოვაკის" 114 490, "სინოფარმის" 241 679 და "ასტრაზენეკას" 43 883 დოზა.

ცოტა ხნის წინ აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ დოლარის საბიუჯეტო სესხი გამოუყო, რომელიც ელექტროგადამცემ სექტორს მოხმარდება. წლის ბოლოს საქართველოს ჯამში 32.2 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ექნება. ეს იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან დახმარებაზე, რის საპასუხოდაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.