მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შემცირება და მუშახელის მძიმე დეფიციტი აიძულებთ, კარი გაუხსნან უცხოელ მუშაკებს, ევროპელი ნაციონალისტი ლიდერები დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად პრო-ოჯახური და ანტიემიგრაციული პოლიტიკის გატარების პირობას დებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჩეხეთის, სერბეთისა და სლოვენიის ლიდერებს ბუდაპეშტში ჩატარებულ დემოგრაფიულ ფორუმზე უმასპინძლა. ლიდერების თქმით, იმიგრაცია არის საფრთხე დასავლური ცივილიზაციისთვის.
“ზოგიერთ ცივილიზაციას შეუძლია გამრავლება, მაგრამ დასავლური ცივილიზაციები ასეთი არ არის. უარესი, ის ვერც კი გადაწყვეტს, არის თუ არა ეს პრობლემა”,- განაცხადა ორბანმა ფორუმზე, რომელსაც შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსიც ესწრებოდა.
იმიგრაციასთან წინააღმდეგობამ ევროპაში ნაციონალიზმის გაძლიერება გამოიწვია და პროცესმა აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი მოიცვა. ამას თან ახლდა თავისუფლებების შეზღუდვა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი და სლოვენია, რამაც ევროკავშირში ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია.
მსგავსი პოლიტიკა ასევე ეწინააღმდეგება მთელ რიგ ეკონომიკურ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ იმიგრაცია ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მდიდარი ქვეყნების საერთო დასაქმებასთან შედარებით, იმიგრანტთა ნაკადების ყოველ პროცენტულ პუნქტზე გამომუშავება 1%-ით იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ პრო-ოჯახური ზომები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები და საბინაო სუბსიდიები, აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა, გამოიწვია ეკონომიკური და შობადობის ზრდა, გაეროს მონაცემებით, რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე სწრაფად მცირდება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, რომელიც 2015 წელს ვიქტორ ორბანის ინიციატივით, მიგრანტთა ნაკადის შემცირებისთვის აღმართულ მავთულხლართებს ესტუმრა, “მასიური უკონტროლო მიგრაცია” გააპროტესტა. მისი თქმით, 8-9 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ იმიგრაციის საკითხით შემოიფარგლება და ამომრჩევლები გადაწყვეტენ “ვინ იცხოვრებს და იმუშავებს” ქვეყანაში.
იმავდროულად, პოლონეთმა, ლატვიისა და ლიეტუვის შემდეგ, მიმდინარე თვეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა აღმოსავლეთ საზღვარზე, რათა შეაჩეროს ბელარუსიდან არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდა. ევროკავშირის სამი წევრი აცხადებს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო მიზანმიმართულად აგზავნის ადამიანებს ავღანეთიდან და ერაყიდან საზღვრის გასწვრივ კრიზისის პროვოცირების მიზნით, ბლოკის სანქციების საპასუხოდ.
თუმცა ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი შეუერთდა რბოლას უცხოელი დასაქმებულების მოსაზიდად, რათა თავიდან აიცილონ მუშახელის მძიმე დეფიციტი Covid პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან საიმონი