თურქეთი პარიზის შეთანხმების რატიფიცირებისთვის ემზადება. როგორც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, პარლამენტი მის დამტკიცებაზე მომავალ თვეში იმსჯელებს.
თურქეთი G20-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეთანხმება ჯერ არ აქვს რატიფიცირებული.
თურქეთის აზრი შეიცვალა დიდი ბრიტანეთის, COP26 კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლის გარანტიებით, რომ 2015 წლის შეთანხმების რატიფიცირება თავისთავად არ მოითხოვს თურქეთის მხრიდან ახალ ფინანსურ დანახარჯებს და არ აიძულებს მას, განახორციელოს გამონაბოლქვის ემისიის სპეციფიკური შემცირება.
გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ნიკ ბრიჯმა მაისში თურქეთის ოფიციალურ პირებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი ჩამოყალიბდება სამიზნე მაჩვენებლებზე და საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმარება თურქეთს, მიაღწიოს ამ “რეალისტურ, მაგრამ ამბიციურ” მიზნებს, იტყობინება სააგენტო Anadolu Agency.
“ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას. თუმცა, ჯერ არ განვახორციელეთ ეს შეთანხმება ვალდებულებების უსამართლობის გამო. ვგეგმავთ პარიზის კლიმატის შეთანხმება პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო თვეში წარვუდგინოთ, კონსტრუქციული ნაბიჯების შესაბამისად და დეკლარირებული ეროვნული კონტრიბუციის ფარგლებში”,- განუცხადა ერდოღანმა გაეროს.
ერდოღანის მმართველ პარტიას ნაციონალისტურ მოკავშირესთან ერთად, პარლამენტში უმრავლესობა აქვს და ცდილობს შეთანხმების რატიფიცირებას COP26-ის შეხვედრამდე, რომელიც 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება.
გაეროს მონაცემებით, თურქეთი ამჟამად ერთ-ერთია იმ ექვს ხელმომწერ ქვეყანას შორის, რომლებმაც არ მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება. მათ შორისაა ერიტრეა, ირანი, ერაყი, ლიბია და იემენი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ჰაკაოღლუ