აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 100 მლნ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი გამოუყო, რომელიც ელექტროგადამცემ სექტორს მოხმარდება.
"ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას",- განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.
ADB-ის ცნობითვე, ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ ინსტიტუციური რეფორმების გატარებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.
„ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კოვიდ-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა“,- განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.
ცნობისთვის, წლის ბოლოს საქართველოს 32.2 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან დახმარებაზე, რის საპასუხოდაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.