LIVE

Telegram საკუთარი სერვერიდან ნავალნის Smart Vote შეტყობინებებს შლის

18 სექ 202118:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
Telegram საკუთარი სერვერიდან ნავალნის Smart Vote შეტყობინებებს შლის

შეტყობინებების აპლიკაცია Telegram რუსეთის საარჩევნო კამპანიაში გამოყენებულ ყველა ჩეთბოტს შლის, რაც კიდევ ერთი დარტყმაა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის Smart Vote ინიციატივაზე მას შემდეგ, რაც აპლიკაცია Apple-მა და Google-მაც წაშალეს.

Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა, რომ სერვისი დაემორჩილებოდა რუსეთის “საარჩევნო დღის დუმილს”, კანონს, რომელიც კრძალავს კამპანიას არჩევნების მიმდინარეობის დროს.

“მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა არის ლეგიტიმური და ვგეგმავთ შეზღუდოთ ჩეთბოტების ფუნქციონირება, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან”, - განაცხადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების პროგრამის რუსმა დამფუძნებელმა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ, 17 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ნავალნის გუნდმა Smart Vote სისტემა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შექმნა. ინიციატივა ამომრჩევლებს სთავაზობს იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ საუკეთესო შანსი დაამარცხონ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

AFP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ Google-ისა და Apple-ის გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად არის მიღებული, მათ შორის სერიოზული სისხლის სამართლის ბრალდებებისა და ადგილობრივი თანამშრომლების დაპატიმრების ჩათვლით.

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ Google და Apple  აპლიკაციის ამოღებით რუსულ კანონმდებლობას ემორჩილებიან.