LIVE

Covid-19 სავარაუდოდ, ჩვეულებრივ ვირუსად იქცევა - მოსაზრება

20 სექ 202123:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1038
Covid-19 სავარაუდოდ, ჩვეულებრივ ვირუსად იქცევა - მოსაზრება

Covid-19-ის წინა პერიოდში, ხშირად იმედგაცრუებული ვიყავი ექიმების პასუხით, როდესაც კლინიკაში რაიმე ინფექციით, ან სხვა დიაგნოზით აღმოვჩნდებოდი და მეუბნებოდნენ: „ეს მხოლოდ ვირუსია“. 

ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია ინფექციების წარმოშობისა და ისტორიის დადგენით, პასუხი ყოველთვის არასრულყოფილი იყო. რომელი ვირუსი? სად და როდის გაჩნდა? რამდენი ადამიანი დაინფიცირდა წელს იმავე ვირუსით? ეს კითხვები არ არის მნიშვნელოვანი ზოგად პრაქტიკოს ექიმთა უმეტესობისთვის, რადგან ვირუსების უმრავლესობა უბრალოდ ქრება, როგორც ენდემური ინფექციების მომაბეზრებელი ნაწილი, რომელიც ყოველწლიურად ჩნდება მთელს მსოფლიოში.

რაღაც მომენტში, ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტის, გამომუშავებული იმუნიტეტისა და "ბუსტერების" ფონზე, Covid-19-ც შეუერთდება ამ კლუბს.

გასული წლის დასაწყისში, მსოფლიოსთვის აუცილებელი იყო განგაშის დაწყება SARS-CoV-2 ვირუსის გამო, რათა ხალხს დაენახა ის, როგორც გარდაუვალი საფრთხე და არა გრიპის ტოლფასი, ჩვეულებრივი, რუტინული ინფექცია. თუმცა ახლა პლანეტის აცრილი ნაწილისათვის საჭიროა მენტალური მზაობა, რომ საპირისპირო მხარეს გადართონ გონება. დროა, შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მათთვის, ვინც აცრილია, Covid-19 აღარაა აპოკალიფსის მომტანი, არამედ თანდათანობით ხდება "მხოლოდ ჩვეულებრივი ვირუსი".

ამას მიაღწევს ზოგიერთი ქვეყანა, რომლებმაც ყველაზე მეტად წაიწიეს წინ ვაქცინაციის პროგრამებით.

სინგაპურში, სადაც 81% სრულად ვაქცინირებულია, ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად ჩათვალა ჰოსპიტალიზაციის და არა ინფიცირების მაჩვენებელი, რადგან შემთხვევების უმრავლესობა ახლა შედარებით კეთილსაიმედოა.

ისრაელი ახალი შემთხვევების ტალღას უმკლავდება ვაქცინირებულთა ჩაკეტვის გარეშე, რადგან ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა აღარ იწვევს სერიოზულ გართულებებს.

ზოგიერთი მოწოდება, რომ შეწყდეს შემთხვევათა სტატისტიკის ყოველდღიური გამოქვეყნება, შეიძლება ნაადრევი იყოს იმ დაავადებისთვის, რომელიც დღეში ათასობით ადამიანს კლავს. თუმცა, რაღაც მომენტში, როცა კოვიდმა თავისი პანდემიური სტატუსიდან გადაინაცვლა ენდემურში, სადაც ის უკანა პლანზე გადადის, ჩვენ, სავარაუდოდ, ყოველდღიურ ან თუნდაც ყოველწლიურ შემთხვევებს ისეთივე მიჩვეულნი ვიქნებით, როგორც გრიპისას.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ინფექცია, რომელმაც 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, შეიძლება ასეთი რუტინული გახდეს, მაგრამ ისტორიის განმავლობაში ვირუსები ენდემურ და პანდემიურ სტატუსებს საოცარი სისწრაფით იცვლიდნენ.

"რუსული გრიპის" პანდემია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა 1970-იანი წლების ბოლოს, იყო 1940-50-იანი წლების სეზონური გრიპი, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში ხელახლა გავრცელდა ლაბორატორიული ნორმების დარღვევის შედეგად. 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში ეს ვირუსი გადაიტანეს, მეტწილად იმუნურები იყვნენ.

ყვითელი ცხელება, რომელიც ოთხი საუკუნის განმავლობაში ცვლიდა ამერიკის ისტორიას და დამანგრეველი ზეგავლენა ჰქონდა საექსპედიციო სამხედრო ძალებზე, რომლებსაც არ გააჩნდათ იმუნიტეტი, ახლა დიდწილად გაქრა დასავლეთ ნახევარსფეროს ქალაქებიდან, ხოლო სუბ-საჰარის აფრიკაში გამანადგურებელ ინფექციად დარჩა.

ივლისის კვლევამ ჟურნალში Microbial Biotechnology წარმოადგინა არგუმენტი იმისა, რომ კორონავირუსის შტამი სახელად HCoV-OC43 შესაძლოა იყოს პასუხისმგებელი 1889 წლის პანდემიურ აფეთქებაზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "რუსული გრიპი".

იგი, სავარაუდოდ, იყო პირველი ჭეშმარიტი თანამედროვე გლობალური პანდემია. ეს კონკრეტული სახეობა ახლა აღმოცენდა, როგორც ჩვეულებრივი გაციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ენდემური ინფექციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ექიმები უსაფრთხოდ თვლიან. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე.

მე, როგორც სრულად ვაქცინირებული, შედარებით დაცულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში, რაღაც დროს მეც დავინფიცირდები Covid-19-ით. მიუხედავად ამისა, სრულად ვაქცინირებულმა მეგობრებმა, რომლებიც ახლახან სიდნეიდან ნიუ-იორკში გადავიდნენ და ვირუსი ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაუდასტურდათ, გამოცადეს საშინელი ინფექცია, რომელიც გადაედო მათ არავაქცინირებულ, არასრულწლოვან შვილს.

ეს არის მიზეზი იმისა, რომ გავაგრძელოთ ამ დაავადებისადმი სიფრთხილით მოპყრობა, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ყველას ექნება ვაქცინაციის საშუალება და ჩვენ არ გვექნება უფრო ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გრძელდება მძიმე ინფექციისგან დაცვა ვაქცინაციის შედეგად.

ეს საშინელი დაავადება ყოველთვის იქნება ჩვენთან, მაგრამ უფრო რბილი, ნაკლებად შემაშფოთებელი ფორმით. ბოლო ორი წლის ტრავმის შემდეგ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ ოდესმე შევხედავთ ამ მოვლენას მშვიდად - მაგრამ ეს არის ის, რაც საბოლოოდ უნდა მოხდეს.

კოვიდის დამარცხება არ ნიშნავს, რომ ის სრულად გაქრება, არამედ მივაღწევთ მომენტს, როდესაც გვექნება ვაქცინაციის შედეგად მიღებული და ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი და შიში აღარ გვექნება. ეს დროც დადგება და მაშინ ამ საშინელ ინფექციასაც კი ჩავთვლით მორიგ ვირუსად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ფიკლინგი