ფინანსთა სამინისტრო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანალიზს ეხმაურება და აცხადებს, რომ მივლინების ხარჯები 2019 წელთან შედარებით 28%-ით არის შემცირებული.
სამინისტროს თანახმად, მივლინებებზე 2021 წლის 6 თვეში ნამდვილად დაიხარჯა 28.4 მლნ ლარი, თუმცა 2019 წელთან (39.5 მლნ ლარი) შედარებით, მივლინების ხარჯებზე გაწეულია 11 მლნ ლარით ნაკლები, რაც 28.2% შემცირებაა, ნაცვლად "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიზში დაფიქსირებული 32%-იანი ზრდისა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიური 2020 წლის პირველ 6 თვეში მივლინებებზე 26.4 მლნ ლარი დაიხარჯა.
6 თვის მონაცემები (მლნ ლარი) |
2019 |
2020 |
2021 |
მივლინება (რეალური მონაცემები) |
39,5 |
26,4 |
28,4 |
მივლინება (საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემები) |
21,5 |
10,9 |
28,4 |
სამინისტროში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი რიცხვების გათვალისწინებით, ანალიზში წარმოდგენილია 2021 წლის 6 თვის მონაცემები, წინა წლების მხოლოდ 3 თვის (მეორე კვარტლის) მონაცემებთან, ნაცვლად 6 თვის ჯამისა და შესაბამისად, ანალიზის ფარგლებში მიღებული შედეგები არარეალურია.
TI სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანალიზში წერს, რომ 6 თვეში მივლინების ხარჯები 2019 წელთან შედარებით 7 მლნ ლარით გაიზარდა.