LIVE

აგვისტოში საწვავი კიდევ 3-5 თეთრით გაძვირდა

06 სექ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 818

საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ადგილობრივ ბაზარზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტები დამატებით 3-5 თეთრით გაძვირდა. შედეგად, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება უკვე გასცდა 3 ლარს, სუპერის ტიპის საწვავის ფასი კი 3.20-3.25 ლარის ფარგლებში მერყეობს.  

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის მაღალ ფასს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ბოლოდროინდელი გაძვირებით ხსნიან. ამასთან, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციაში განუცხადეს, მომწოდებელმა ქვეყნებმა პროდუქციის ფასიც გაზარდეს. სექტორის წარმომადგენლები უახლოეს ხანებში საწვავზე ფასების შემცირებას არ ელიან.

„საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამას ემატება ისიც, რომ თავად მოწოდებული პროდუქციის ღირებულებაც გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში ადგილობრივ ბაზარზე ფასები საშუალოდ 3-5 თეთრით გაიზარდა. მოლოდინები პოზიტიური ვერ იქნება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია არ ჩანს“,- განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

ცნობისთვის, საწვავი მკვეთრად, ჯამურად 20-25 თეთრით ივლისშიც გაძვირდა. ამასთან, აგვისტოში ტრანსპორტის ჯგუფის წლიურმა ინფლაციამ 22.5% შეადგინა.