LIVE

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

03 სექ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
Nicolas Datiche/Bloomberg

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიჰიდე სუგა გადადგომას აპირებს, რაც მოახლოებული არჩევნების წინ მოულოდნელი გადაწყვეტილებაა.

სუგამ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აპირებს მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას. იმის გათვალისწინებით, რომ LDP პარლამენტში დომინანტური პოლიტიკური პარტიაა, მის მომავალ ლიდერს პრემიერ-მინისტრობა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. 

“მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრი გავხდი, კორონავირუსთან ბრძოლა იყო ჩემი ძალისხმევის ცენტრში. საარჩევნო კამპანიის დროს ვირუსთან ბრძოლა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. მივხვდი, რომ ორივეს ვერ გავაკეთებ და ერთი უნდა ავირჩიო”, - განაცხადა სუგამ ჟურნალისტებთან გაკეთებულ მოკლე განცხადებაში.

პრემიერის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საკუთარი პარტიის ლიდერებისთვისაც. “სიმართლე გითხრათ, მიკვირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ეს გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო”, - განაცხადა LDP-ის გენერალურმა მდივანმა ტოშიჰირო ნიკაიმ. 

სუგას მოწონების რეიტინგი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან რამდენიმე კვირის შემეგ ვირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად შემცირდა. ბოლო კვირების განმავლობაში მან დაინახა მთელი რიგი ჩავარდნები, მათ შორის, გასულ თვეში მისი ერთ-ერთი მოკავშირე დამარცხდა იოკოჰამას მერის არჩევნებში, ქალაქში, სადაც სუგამ პოლიტიკური კარიერა დაიწყო.

სუგას მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა პანდემიის არაეფექტური მართვის გამო. საავადმყოფოებში საწოლების სიმცირემ და დაღუპული ადამიანების რაოდენობამ მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია.

სუგას ერთადერთი ღია მეტოქე პარტიის ხელმძღვანელობისთვის არის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა, რომელიც პირობას დებს, რომ მეტ თანხას დახარჯავს ვირუსთან საბრძოლველად და ეცდება LDP-ის გაცოცხლებას ახალგაზრდა ლიდერების დანიშვნის გზით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ჰერსკოვიცი და იზაბელ რეინოლდსი