ისეთი ყვავილოვანი კულტურების გაქრობის საფრთხის არიდების მიზნით, რომლებიც კომპანიის ყველაზე გაყიდვად სუნამოებში გამოიყენება, Chanel-მა სამხრეთ საფრანგეთში, ჟასმინის და სხვა ჯიშების მარაგის უზრუნველსაყოფად მიწა შეიძინა.
Reuters-ის ცნობით, კომპანიამ დამატებით 10 ჰექტარი მიწა იყიდა, რომელიც მოდის სახლის მფლობელობაში უკვე არსებულ 20 ჰექტარს დაემატა ყვავილების მინდვრებით ცნობილ ქალაქ გრასთან ახლოს. აღნიშნულ ფართობზე კომპანია ადგილობრივ ოჯახთან პარტნიორობით ფლობს ყვავილების მეურნეობას.
მულების ოჯახთან კონტრაქტი ფრანგულმა მოდის სახლმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გააფორმა იმ მიზნით, რომ პეგომას რეგიონში ხუთი სახეობის ყვავილის გარანტირებული წარმოება ჰქონოდა.
”იყო დრო, როცა არსებობდა ნედლეულის დეფიციტის საფრთხე, რადგან ჟასმინის წარმოება სხვა ქვეყნებში გადასვლას იწყებდა", - აღნიშნა ოლივიე პოლჟემ, რომელიც Chanel-ის მთავარი პარფიუმერია 2013 წლიდან.
გრასში გაზრდილ ჟასმინს უნიკალური სურნელი გამოარჩევს და ის მთავარი ინგრედიენტია Chanel-ის 100-წლიანი ისტორიის მქონე სუნამოსთვის, Chanel No.5-სთვის, რომელიც თავად კოკო შანელმა შექმნა.