LIVE

ამსტერდამის კოფიშოფებში კანაფის ყიდვას მხოლოდ ადგილობრივები შეძლებენ

08 იან 202115:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 883
ამსტერდამის კოფიშოფებში კანაფის ყიდვას მხოლოდ ადგილობრივები შეძლებენ

ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შემდეგი წლიდან ამსტერდამში კოფიშოფებით სარგებლობას მხოლოდ ადგილობრივები შეძლებენ.

პარასკევს ქალაქის მერმა ფემკე ჰალსემამ ამსტერდამის საბჭოში ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმად, ტურისტები კოფიშოფებში კანაფს ვეღარ შეიძენენ. მისი განმარტებით, კანაფის ბაზარი მეტისმეტად მსხვილი და გადატვირთულია. "კანაფის ბაზარი უნდა შემცირდეს და გახდეს მართვადი. მესმის, რომ მოქალაქეობაზე დაფუძნებული შეზღუდვა ზედმეტად მკაცრია, მაგრამ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ", თქვა მან. 

ინიციატივა, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია და პროკურორებიც უჭერენ მხარს, მათ შორის, მძიმე ნარკოტიკების და ორგანიზებული დანაშაულის დაძლევას ისახავს მიზნად. ჰალსემა ბიზნეს-საზოგადოების მხარდაჭერასაც ელის, რადგან მიიჩნევს, რომ ამსტერდამის შეუზღუდავი სექსისა და ნარკოტიკების ცენტრის რეპუტაცია ადგილობრივი ბიზნესისთვისაც მიუღებელი გახდა.

თუმცა, საგულისხმოა ინიციატივის მეორე მხარეც. ამსტერდამში, სადაც ტურისტების 57% -ს სწორედ ქოფიშოფები და Red Light უბანი იზიდავდა, ახალი პოლიტიკა კოფიშოფების ბიზნესს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამსტერდამში ამჟამად 166 კოფიშოფი ფუნქციონირებს, გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ადგილობრივების მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ 68 ობიექტი დასჭირდება. 

გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბელგიიდან ტურისტების დიდი ნაკადის გასამკლავებლად, მსგავსი შეზღუდვები უკვე დაწესდა მაასტრიხტსა და დენ ბოსხში. ინიციატივა 2013 წლის კანონს ეფუძვნება, რომლის მიზანი კანაფის ადგილობრივი ბაზრისთვის უპირატესობის მინიჭება და ნარკო-ტურიზმის შემცირებაა.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენ პროპერი