დღეიდან მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სამ რაიონში ვაქცინაციის ცენტრები ავტობუსებში განთავსდება, რისთვისაც გამოიყო სამი ავტობუსი. საწყისი ეტაპზე ავტობუსები გლდანში, სადგურის მოედანსა და ვარკეთილში იმოძრავებს.
სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე უკვე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ამასთან, მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
"ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივლენ ადამიანები. იქ არის შესაბამისი აღჭურვილობა და ასევე მოცდის არეალი. თუ რაღაც გვერდითი მოქმედება იქნა, სათანადო აღჭურვილობაა გადაუდებელი დახმარების ჩასატარებლად",- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 26 აგვისტოს საქართველოში 26 418 ადამიანი აიცრა და სრულად ვაქცინირებულთა ოდენობა 12%-მდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. 27 აგვისტოს მონაცემებით კი სულ ჩატარებულია 1 095 069 აცრა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 73 ადამიანი გარდაიცვალა.