LIVE

ფაუჩი ასახელებს სავარაუდო დროს, თუ როდის დაემორჩილება პანდემია კონტროლს

26 აგვ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1798
ფაუჩი ასახელებს სავარაუდო დროს, თუ როდის დაემორჩილება პანდემია კონტროლს

ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია პანდემიაზე კონტროლი 2022 წლის გაზაფხულიდან მოიპოვოს, ამის შესახებ აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

ფაუჩის განმარტებით, გაზაფხულის დადგომისთანავე შეგვიძლია დავიწყოთ ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, რაც გულისხმობს, მაგალითად, რესტორნებსა და თეატრებში სიარულის შესაძლებლობას. 

ამავე დროს, შესაძლოა, კვლავ საჭირო იყოს პირბადეების ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა. 

მეცნიერი სხვადასხვა ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაციით პანდემიის ხანგრძლივობის შემცირება შესაძლებელია. 

"მინდა მივმართო აუცრელ ადამიანებს, გააცნობიერონ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს ხელშია ძალა, რომ შევამციროთ დრო პანდემიის დასრულებამდე”,- თქვა მან სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინფექციონისტის თქმით, იქამდე რთული იქნება ზამთრის სეზონი, როცა სხვა, სეზონური ვირუსები აქტიურდება. 2  წლამდე ასაკის ბავშვებში, დროზე ადრე, უკვე ფიქსირდება რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) შემთხვევების მატება. 

იმისათვის, რომ ქვეყანამ ზამთარი მარტივად გადაიტანოს და პანდემიის ნორმალიზება შეძლოს, ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ აუცრელი მოსახლეობის უმრავლესობა უნდა აიცრას. 

"თუ შევძელით იმ დარჩენილი 80-90 მილიონი ადამიანის უმრავლესობის აცრა, ვინც ჯერ ვაქცინირებული არ არის, ვინც თავს იკავებს ან ამის საშუალება ჯერ არ ჰქონია, ვფიქრობ, გვირაბის ბოლოს სინათლის სხივი გამოჩნდება",- განაცხადა ფაუჩიმ. 

Bloomberg-ის მონაცემებით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 51.7%, მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა კი 61%-ს აქვს მიღებული.