პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2 მილიონი დოზა "ფაიზერის" ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს. მესტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, ჩინეთში წარმოებული ვაქცინებიც შემოიტანონ.
“მილიონობით ვაქცინა გვაქვს შემოტანილი. კიდევ ვამატებთ. ჩემი დავალებით ახლა 2 მლნ დოზაზე ვმუშაობთ, "ფაიზერი" კიდევ უნდა შემოვიტანოთ. გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდა, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს",-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის არსებული ტემპი თუ შენარჩუნდა, სექტემბრის ბოლოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს.
"დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრას ჩავატარებთ უახლოეს 10 დღეში. აქედან ნაწილი იქნება ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი. ამ ტემპების შენარჩუნებით შეგვიძლია, რომ სექტემბრის ბოლოს უკვე 2 მლნ ადამიანი იყოს აცრილი",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 28 196 ადამიანი აიცრა. დღეის მდგომარეობით სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 318 912 პირი.