Samsung Group საქმიანობის გაფართოებისთვის 240 ტრილიონ ვონს ($205 მილიარდი) გამოყოფს, რაც სამი წლის განმავლობაში 40 000 ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.
თანხის ხარჯვის გეგმას Samsung Electronics-ი და Samsung Biologics-ი უხელმძღვანელებს. კომპანია კვლევის საფუძველზე განსაზღვრავს ინტერესის სფეროებს, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს - რობოტიკიდან და ტელეკომუნიკაციებიიდან კორპორატიულ შესყიდვებამდე.
ქვეყნის უმსხვილესი კონგლომერატი 180 ტრილიონ ვონს მხოლოდ თავისი სამშობლოსთვის, სამხრეთ კორეისთვის, გამოყოფს და დამატებით 10 000 ადამიანს დაიქირავებს. ეს ოდენობა დაემატება 30 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომლის შექმნასაც კომპანია გეგმავს, ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
გეგმა მოიცავს Samsung Electronics-ის სურვილსაც, რომ 2030 წლამდე ჩიპების წარმოების გასაფართოებლად $151 მილიარდი ინვესტიცია განახორციელოს.
Samsung-ის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიის დამფუძნებლის შვილი, ჯეი ი. ლი, პატიმრობიდან გათავისუფლდა. 53 წლის ლი, მიმდინარე წლის იანვარში კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნეს და მეორედ დააპატიმრეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლის ყოველდღიური საქმეებიდან გათიშვა მასიურ ინვესტიციებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე აისახებოდა.
Samsung Electronics-ის აქციები დღეს 3.1%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოჰი კიმი